რუსული მხარის მიერ განხორციელებული საავიაციო იერიშების შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა ფრონტის ხაზის მახლობლად ხარკოვისა და დონეცკის რეგიონებში. ცნობები ამის შესახებ უკრაინის ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაავრცელა.
სამი ადამიანი დაიღუპა და, სულ მცირე, რვა დაშავდა ხარკოვის ოლქის სოფელ ბელი-კოლოდეზში, რომელიც ვოვჩანსკის მახლობლად მდებარეობს. უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა სოფელზე ჩამოაგდეს მართვადი ბომბი „კაბ-500“.
დღესვე დონეცკის რაიონში, ქალაქ მირნოგრადში, დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 15 წლის მოზარდი. ამის შესახებ სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვადიმ ფილაშკინმა განაცხადა. დაშავდა 12 ადამიანი, მათ შორის ბავშვები. უკრაინის მიერ კონტროლირებადი რეგიონის სხვა დასახლებებში კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა.
დაჭრილების შესახებ ხერსონისა და სუმის რეგიონების ხელისუფლებაც იუწყება. სტანისლავში, ხერსონის რეგიონში, სავარაუდოდ, საავიაციო ბომბი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების პუნქტს მოხვდა, ორი მოხალისე დაშავდა.
თავის მხრივ, რუსეთის ბელგოროდის რეგიონის ხელისუფლებამ დღეს უკრაინა დაადანაშაულა ქალაქ შებეკინოს დაბომბვაში, სადაც უკრაინული უპილოტო თვითმფრინავიდან ნასროლი ბომბი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში აფეთქდა. ბელგოროდის რეგიონის ხელმძღვანელის, ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, აფეთქების შედეგად დაშავდა ხუთი ბავშვი, რომლებიც სათამაშო მოედანზე იმყოფებოდნენ. ორი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია. საერთო ჯამში, ბელგოროდის რეგიონის ხელისუფლება აცხადებს, რომ 11 ივლისს, დღის განმავლობაში, დაბომბვის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა.
ბოლო ხანს ფრონტის ორივე მხარეს გახშირდა საავიაციო და სარაკეტო იერიშები, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლი მოსდევს.
ფორუმი