Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ოთხი ქვეყანა შორსმსროლელი რაკეტების შემუშავებაზე შეთანხმდა


გერმანული რაკეტა "ტაურუსის" სროლის სიშორე 500 კილომეტრია
გერმანული რაკეტა "ტაურუსის" სროლის სიშორე 500 კილომეტრია

საფრანგეთი, გერმანია, იტალია და პოლონეთი ერთობლივად შეიმუშავებენ 500 კილომეტრის მანძილზე მოქმედ რაკეტებს. ამ სახეობის საბრძოლო მასალა "საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების" კატეგორიას განეკუთვნება. გამოცემა "უკრაინსკა პრავდას" ცნობით, ოთხი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ამ სფეროში თანამშრომლობის განზრახვის დეკლარაციას ხელი მოაწერეს ვაშინგტონში, სადაც ნატოს სამიტი მიმდინარეობს.

განცხადებას წინ უძღოდა შეერთებული შტატებისა და გერმანიის მზადყოფნა, რომ 2026 წლიდან გერმანიის ტერიტორიაზე განთავსდეს შორ მანძილზე მოქმედი შეტევითი სისტემები, ჰიპერზებგერითი შეიარაღება. ამ გზავნილს მწვავე კრიტიკა მოჰყვა მოსკოვისგან, რომელმაც დასავლელი მოკავშირეების განზრახვას „ესკალაციის პოლიტიკის შემადგენელი რგოლი“ უწოდა. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ეს არის უსაფრთხოების გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილი, რაც მოსკოვისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს.

ვაშინგტონის ნატოს სამიტზე ასევე ითქვა, რომ უკრაინა მიიღებს საჰაერო თავდაცვის კიდევ ხუთ სტრატეგიულ სისტემას, რათა რუსეთის თავდასხმებისგან დაიცვას თავისი ქალაქები, სამოქალაქო მოსახლეობა და სამხედროები. ამ შინაარსის ერთობლივი განცხადება 9 ივლისს, ვაშინგტონში ნატოს სამიტის გახსნის შემდეგ, გამოაქვეყნეს ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, იტალიის, რუმინეთის, ნიდერლანდისა და უკრაინის ლიდერებმა.

აშშ, გერმანია და რუმინეთი უკრაინას დამატებით გადასცემენ საჰაერო თავდაცვის სისტემებს Patriot, ნიდერლანდი ამ სისტემების მუშაობისთვის საჭირო კომპონენტებს, ხოლო იტალია დამატებით სისტემას SAMP-T.

ნატოს სამიტის დაწყებამდე გერმანია და პოლონეთი შეთანხმდნენ, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა გაააქტიურონ ევროპის წინააღმდეგ რუსეთის მუქარის შესაკავებლად.

ისინი გააძლიერებენ აღმოსავლეთის ფლანგზე ნატოს ყოფნას და უკრაინის დახმარების კოორდინაციას. შესაბამისი განცხადებები ვარშავაში შეხვედრისას გააკეთეს გფრ-ს კანცლერმა ოლაფ შოლცმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა.

მხარეებმა ასევე განაცხადეს, რომ გააღრმავებენ თანამშრომლობას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენაში, მათ შორის Leopard 2 ტანკების რემონტსა და მომსახურებაში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG