თბილისში, „კოკა-კოლა“ ივენთ ჰოლში, ახალი სამოქალაქო მოძრაობის, „აირჩიე ევროპის“ პრეზენტაცია გაიმართა. მოძრაობის თანადამფუძნებლები არიან ხათუნა ლაგაზიძე (უსაფრთხოების ექსპერტი), ლელა ჯეჯელავა (თსუ-ს პროფესორი, პოლიტიკის ანალიტიკოსი), გიორგი რუხაძე (ექსპერტი ევროპული პოლიტიკის საკითხებში), ლაშა ძებისაშვილი ("საქართველოს უნივერსიტეტის" პროფესორი) და ივა ჭყონია (ბიზნესმენი).
მოძრაობის თანადამფუძნებლები ამბობენ, რომ „აირჩიე ევროპა“ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანებს აერთიანებს.
ღონისძიება გახსნა ხათუნა ლაგაზიძემ, რომელმაც განაცხადა: „ჩვენ გთავაზობთ, საზოგადოების ფართო მონაწილეობით შევქმნათ სტრატეგიული დიალოგის პლატფორმა, საქართველოს განვითარების გრძელვადიანი გეგმის შესამუშავებლად. ეს სტრატეგია უნდა გახდეს საბაზისო დოკუმენტი მომდევნო მთავრობებისთვის. როცა არჩევანი ასე მარტივია - რუსეთი თუ ჩვენი შვილები? - რა თქმა უნდა, ჩვენ ვირჩევთ შვილებს. ჩვენი შვილების ერთადერთი არჩევანი კი ევროპაა. მაშ, ავირჩიოთ ევროპა და ერთად გავამარჯვებინოთ საქართველოს“.
ლელა ჯეჯელავამ აღნიშნა, რომ მოძრაობის კარი ღიაა ყველასთვის, ვინც საქართველოს ევროპულ გზას ირჩევს. „ვირჩევთ ევროპას, რაც ნიშნავს დემოკრატიული და პროდასავლური ძალების გამარჯვებას საქართველოში, რაც ნიშნავს ქართული სახელმწიფოს გამარჯვებას. ჩვენი მოძრაობა ღიაა ყველასთვის, განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა, ვინც ჩვენსავით ფიქრობს და ვინც მზად არის, იშრომოს და იბრძოლოს საქართველოს ევროპული მომავლის გადასარჩენად“.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მან თქვა, რომ ეს არ არის საარჩევნო კამპანია, თორემ მასში მონაწილეობას არ მიიღებდა. პრეზიდენტის განცხადებით, დღეს არის რეფერენდუმი, რომელშიც ერთ მხარეს დგას საქართველოს საზოგადოება და მეორე მხარეს - ხელისუფლება.
„ავირჩიოთ ევროპა! მე მგონი, უკვე ავირჩიეთ ევროპა და ავირჩიეთ დიდი ხანია. საქართველო ყველა თავისი ისტორიის მთავარ მონაკვეთზე ირჩევს და ირჩევს განვითარების გზას, თავისუფლების გზას, დემოკრატიის გზას და ეს არის ევროპული გზა, ევროპული ღირებულებები, რაც არის, პირველ რიგში, ქართული ღირებულებები და ამიტომ ესოდენ გვიადვილდება ევროპისკენ ვიაროთ. ვიაროთ ვთქვი, მაგრამ ეს გზა გაიყინა. გაგვიყინა ეს გზა ამ ხელისუფლებამ, რომელმაც ამით გადაუხვია ქვეყნის კონსტიტუციას, ამით უარი უთხრა საკუთარ ამომრჩეველს. მე ვიყავი ნაწილი იმ კამპანიის, რომელმაც ჯერ „ოცნება“ მოიყვანა სათავეში, მერე მე საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატი ვიყავი. ყველა ეს კამპანია იმაზე იყო აგებული, რომ ჩვენი საგარეო კურსი, ჩვენი ქვეყნის განვითარება იმისკენ იყო მიმართული, რომ გვეშენებინა ევროპული სახელმწიფო. გადაუხვიეს ამ გზას და ჩვენ გაგვყინეს, - თქვა ზურაბიშვილმა და დაამატა, - დარჩა ცოტა დრო, ასი დღე. ეს ცოტაც არის და ბევრიც იმისთვის, რომ საზოგადოებამ თქვას თავისი სათქმელი. დღეს ჩვენ არ გვექნება ჩვეულებრივი არჩევნები. ეს არ არის რაღაც საარჩევნო კამპანია, თორემ მე, როგორც პრეზიდენტი, აქ არ ვიქნებოდი, ეს არის ქვეყნის ბედის, ჩვენი მომავლის არჩევანი. ეს არის ნამდვილად რეფერენდუმი, რომელშიც ერთ მხარეს არის საქართველოს საზოგადოება და მეორე მხარეს - ხელისუფლება, რომელმაც ჩვენს მომავალს უზურპაცია გაუკეთა. არ შეიძლება ჩვენ ამაზე დავთანხმდეთ. [უნდა] შევასრულოთ ის ქარტია, რომელსაც ყველა პარტიამ ხელი მოაწერა ან ამბობენ, რომ ეთანხმებიან“.
სამოქალაქო მოძრაობამ ღონისძიების მონაწილეებს გააცნო მანიფესტი, რომელშიც წერია, რომ მათი ვალდებულებაა ახალგაზრდული საპროტესტო ტალღის ხელშეწყობა. „2024 წლის 26 ოქტომბერს, ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის ყველაზე ფასეული შესაძლებლობა და მნიშვნელოვანი ვალდებულებაა ახალგაზრდული საპროტესტო ტალღის მხარდაჭერა, არჩევნებში მათი მონაწილეობის ხელშეწყობა და ნებისმიერი ხელისშემშლელი გარემოების მიუხედავად, არჩევნებზე მისვლა და ევროპული არჩევანის გაკეთება“, - ვკითხულობთ მანიფესტში.
ღონისძიების მონაწილეების წინაშე სიტყვით გამომსვლელთა შორის იყვნენ კომპოზიტორი და პიანისტი ნიკოლოზ რაჭველი, რეჟისორი ლანა ღოღობერიძე, ქორეოგრაფი ნინო სუხიშვილი, მომღერალი ნინო ქათამაძე და მხატვარი გოგი ალექსი-მესხიშვილი.
ფორუმი