Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალეკო ელისაშვილმა სასამართლო სხდომა პროტესტით დატოვა


ალეკო ელისაშვილი და მისი ადვოკატი გიორგი რეხვიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში. 11 ივლისი, 2024 წელი
ალეკო ელისაშვილი და მისი ადვოკატი გიორგი რეხვიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში. 11 ივლისი, 2024 წელი

პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი განცხადებით, შსს-ს არგუმენტები არის აბსურდული და მათ სპექტაკლში მონაწილეობას არ აპირებს.

ალეკო ელისაშვილს ედავებიან მაისში, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციებისას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებულ კანონდარღვევას, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. დეპუტატმა საქალაქო სასამართლოსგან უწყება 10 ივლისს მიიღო.

„ამ სასამართლოზე შსს-ს არგუმენტები არის აბსურდული. რაც აწყობთ, ის ეპიზოდი ამოიღეს და დანარჩენი ვითომ არც მომხდარა, ანუ მე მედავებიან, რომ უმისამართოდ ვიგინებოდი და ხულიგანი ვარ. მე რომ ოცი კაცი უმოწყალოდ მირტყამდა და კინაღამ მომკლეს, ყური არ შეუბერტყავს არავის. გული მერევა იმ შენობაში რომ ვარ, სადაც მურუსიძე ჰყავთ ლიდერი, ამ დუქანში რომ შემოვედი, მაგაზეც გული მერევა. პროცესზე ვუთხარი ყველაფერი, რასაც ვფიქრობდი. აბსურდის სპექტაკლში და გულისამრევ გაუგებრობაში ვარ და ამ ყველაფერში დიდად მონაწილეობას არ ვაპირებ, ჩემი სათქმელი ვუთხარი და წამოვედი“, - თქვა ალეკო ელისაშვილმა სასამართლო სხდომიდან გამოსვლის შემდეგ.

ალეკო ელისაშვილის ადვოკატის, გიორგი რეხვიაშვილი თქმით, პროცესი იმიტომ მიმდინარეობს, რომ დეპუტატს თავის დაცვის საშუალება არ მიეცეს.

"ამ აბსურდში მიმდინარეობს ალეკო ელისაშვილის, როგორც ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი პირის, სასამართლო პროცესი. შსს-ს წარმომადგენლების მოთხოვნა იყო, რომ მას იარაღის ტარების უფლება ჩამოერთვას. მთელი ამ პროცესის მიზანი ის არის, რომ ალეკო ელისაშვილს არ შეეძლოს თავი დაიცვას იმ თავდამსხმელებისგან, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში კარგად ვხედავდით ახალგაზრდებზე, პოლიტიკოსებზე როგორ ძალადობდნენ, ქუჩაში დახვედრები როგორ მიმდინარეობდა და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ აბსურდში არ მივიღეთ მონაწილეობა, რადგან ვთვლით, რომ ალეკო ელისაშვილის მხრიდან არანაირი დანაშაულებრივი ქმედება არ არის ჩადენილი, არც გადაცდომა არ არის, თუმცა მურუსიძის სასამართლოში რა სამართალს უნდა ვეძებდეთ? ამიტომ ჩვენ პროტესტის ნიშნად დავტოვეთ სასამართლო სხდომა“, - თქვა გიორგი რეხვიაშვილმა.

13 ივნისს პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური ორი თვეა, "წელათრევით" აწარმოებს გამოძიებას მისი ცემის ფაქტზე. უწყებასთან გამართულ ბრიფინგზე ელისაშვილმა თქვა, რომ ამ ხნის განმავლობაში არცერთი პოლიციელი არ გამოკითხულა, არავისთვის ბრალი არ წარუდგენიათ, თავად კი დაზარალებულადაც არაა ცნობილი.

ალეკო ელისაშვილს 1 მაისს "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგეთა აქციაზე სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა. იგი პოლიციამ 17 აპრილს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გამართულ აქციაზეც სცემა. პოლიტიკოსს ძალადობის კვალი ეტყობოდა სახესა და სხეულზე. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დეპუტატ ალეკო ელისაშვილის ცემის საქმის მოკვლევა დაიწყო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG