Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარულმა გაზის დისტრიბუტორმა „ბულგარგაზმა“ სარჩელი შეიტანა „გაზპრომის“ წინააღმდეგ


საილუსტრაციო ფოტო. "ჩრდილოეთის ნაკადი 1"-ის მილსადენები. ლუბმინი, 8 მარტი, 2022.
საილუსტრაციო ფოტო. "ჩრდილოეთის ნაკადი 1"-ის მილსადენები. ლუბმინი, 8 მარტი, 2022.

ბულგარულმა გაზის დისტრიბუტორმა „ბულგარგაზმა“ სარჩელი შეიტანა რუსულ კონცერნ „გაზპრომის“ წინააღმდეგ. ბულგარული კომპანია ორ წელზე მეტი ხნის წინ ბუნებრივი აირის მიწოდების ცალმხრივად შეჩერების გამო 400 მილიონ ევროზე მეტი ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. ამის შესახებ ნათქვამია „ბულგარგაზის“ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.

სარჩელი პარიზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში შეიტანეს.

ბულგარელი დისტრიბუტორი აღნიშნავს, რომ 2024 წლის მაისის ბოლოს რუსულ მხარეს გაეგზავნა თხოვნა პრეტენზიების ნებაყოფლობით მოგვარების შესახებ, ორ კომპანიას შორის შეთანხმების შესაბამისად. „ბულგარგაზის“ მტკიცებით, მოსკოვმა არ მიიღო ზომები სასამართლოს გარეშე საკითხის გადასაწყვეტად.

2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსეთმა შემოიღო ბუნებრივი აირის მიწოდების ორეტაპიანი გადახდის პროცედურა, საბოლოო გადახდით რუბლებში და არა ხელმოწერილი გრძელვადიანი კონტრაქტებით გათვალისწინებული ვალუტით. ბულგარეთმა ამაზე უარი თქვა. ამის საპასუხოდ რუსეთმა გაზის მიწოდება შეწყვიტა 2022 წლის აპრილში, აღნიშნავს რადიო თავისუფლების ბულგარული სამსახური.

კომპანიებმა ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან, მათ შორის იტალიიდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან და ფინეთიდან, „გაზპრომის“ წინააღმდეგ უკვე შეიტანეს საარბიტრაჟო საჩივრები მიწოდების შეჩერების გამო. გასულ თვეში სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება გერმანული ენერგეტიკული კონცერნი Uniper-ის სასარგებლოდ, რომელმაც მოიპოვა „გაზპრომ ექსპორტთან“ გრძელვადიანი კონტრაქტის გაწყვეტისა და 13 მილიარდი ევროს კომპენსაციის უფლება.

ბულგარეთი ერთ-ერთი უკანასკნელი ქვეყანაა, რომელმაც განაცხადა, რომ მსგავსი საჩივრის შეტანას აპირებს.

ევროკავშირმა უკრაინაში ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტში შეიტანა რუსული კომპანიების იურიდიული მომსახურების აკრძალვა. მოსკოვის თქმით, ეს შეუძლებელს ხდის ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე სამართლიანი სასამართლოს ჩატარებას.

რუსულმა სასამართლოებმა უკვე მიიღეს არაერთი გადაწყვეტილება, რომლებითაც „გაზპრომთან“ დაპირისპირებულ ევროპულ მხარეებს აეკრძალათ სამართალწარმოება უცხოურ სასამართლოებსა და საარბიტრაჟო ინსტიტუტებში, აღნიშნავს ინტერფაქსი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG