Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთის პრესა: კონტრაქტებს შეუწყვეტენ და შინ დააბრუნებენ რუსეთის არმიაში მებრძოლ ინდოელ მებრძოლებს


საილუსტრაციო ფოტო: ინდოელი სპეცდანიშნულების რაზმის მეომრები. ქაშმირი, 17 ივნისი, 2020.
საილუსტრაციო ფოტო: ინდოელი სპეცდანიშნულების რაზმის მეომრები. ქაშმირი, 17 ივნისი, 2020.

ინდოეთის მოქალაქეებს, რომლებმაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან მოაწერეს ხელი კონტრაქტებს და უკრაინაში იბრძვიან, გაათავისუფლებენ და სახლში დააბრუნებენ. ამის შესახებ ინდოეთის ტელეარხი NDTV იტყობინება წყაროებზე დაყრდნობით.

ტელეარხის თანახმად, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ეს საკითხი დააყენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე, რომელიც მოსკოვში გაიმართა 8-9 ივლისს.

NDTV იტყობინება, რომ ინდოეთის ოცამდე მოქალაქე მოხვდა საბრძოლო მოქმედებების ზონაში. ისინი დაიქირავეს აგენტებმა, რომლებიც მათ მაღალანაზღაურებად სამსახურს შეჰპირდნენ. ინდოეთის საგარეო საქმეების მდივანმა ვინაი კვატრამ თქვა, რომ რუსეთის ჯარებში სავარაუდოდ 30-დან 40-მდე ინდოელი მსახურობს. ათი მათგანი უკვე დაბრუნდა შინ.

როგორც Reuters-ი იტყობინება, ადრე ინდური წყაროები ამბობდნენ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტებს ხელი მოაწერა ინდოეთის დაახლოებით ასმა მოქალაქემ. სააგენტოს ცნობით, უკრაინაში ომში უკვე დაიღუპა ორი ინდოელი, მათი ცხედრები ბრძოლის ველზე დარჩა.

2024 წლის თებერვალში ინდოეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ცდილობს შინ დააბრუნოს ინდოეთის 20-მდე მოქალაქე, რომლებიც რუსეთის არმიაში მსახურობენ. AFP წერს, რომ ისინი რუსეთში შეიძლება მოხვდნენ „არმიის დამხმარეთა“ სტატუსით. სააგენტოს თანახმად, ინდოეთის ზოგიერთ მოქალაქეს დანგრეული შენობების დაშლაზე სურდა მუშაობა, მაგრამ ადგილზე ჩასვლის შემდეგ მათ „იარაღი დაურიგეს“.

მარტში ინდოეთის შვიდმა მოქალაქემ ჩაწერა ვიდეომიმართვა, რომელშიც ჰყვებიან, რომ ისინი მოტყუებით გაგზავნეს უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად.

მაისში ინდოეთის გამოძიების ცენტრალურმა ბიურომ განაცხადა ოთხი ადამიანის დაკავების შესახებ, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ადამიანებით ვაჭრობის მსხვილ ქსელში მონაწილეობაში. ისინი ახალგაზრდა მამაკაცებს ქირაობდნენ რუსეთში გასაგზავნად, სადაც მათ აიძულებდნენ, ხელი მოეწერათ თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტებისთვის და უკრაინაში საბრძოლველად გამგზავრებულიყვნენ.

ინდოეთის უწყების თქმით, დაპატიმრებულთაგან ორი უშუალოდ იყო დაკავებული ინდოეთის სამხრეთის შტატებში მამაკაცების დაქირავებით. დაკავებული არიან ასევე რუსეთში მომუშავე თარჯიმანი და ვიზების აგენტი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან მებრძოლთა დაქირავებაში მონაწილეობაში.

ინდოეთის ხელისუფლების ცნობით, ქსელის მოქმედების პერიოდში დაიქირავეს მინიმუმ 35 ადამიანი.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ რუსეთის არმიაში კონტრაქტით იბრძვიან ნეპალის მოქალაქეები. ნეპალის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათი რიცხვი 200-მდეა. CNN-ი 15 ათასის შესახებ იტყობინებოდა. მას შემდეგ, რაც მინიმუმ 10 ნეპალელი დაიღუპა უკრაინაში ბრძოლებში, ნეპალმა თავის მოქალაქეებს შეუწყვიტა რუსეთსა და უკრაინაში მუშაობის უფლება. კატმანდუმ მოსკოვს მოსთხოვა, შეწყვიტოს ნეპალის მოქალაქეთა დაქირავება და სამშობლოში დააბრუნოს უკვე დაქირავებულები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG