Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე ფეხბურთელებზე: [ივანიშვილისთვის] მადლობა რომ არ გადაეხადათ, ეს იქნებოდა უცნაური


ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე 29 აპრილს „აგენტების კანონის“ მხარდამჭერ აქციაზე
ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე 29 აპრილს „აგენტების კანონის“ მხარდამჭერ აქციაზე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ფეხბურთის ფედერაციისთვის 30 მილიონის გადაცემით პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ფეხბურთელებს „ქართველი ხალხისთვის მინიჭებული სიხარული დაუფასა“. ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში ის აღნიშნავს, რომ ეს გასაკვირი ვერ იქნებოდა.

ამ საჩუქრის გადაცემის გამო ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელმა მას მადლობა გადაუხადა, რის შესახებაც კობახიძე საუბრობს გამოქვეყნებულ სტატუსში.

„შეუძლებელია, ჯანსაღმა ადამიანმა გაიკვირვოს და მით უმეტეს, ფეხბურთელების შეურაცხყოფის მიზეზად აქციოს ელემენტარული მადლიერება, რომელიც მათ გამოხატეს. მადლობა რომ არ გადაეხადათ, ზუსტად ეს იქნებოდა უცნაური. მადლიერება ღირსების ელემენტარული გამოხატულებაა, რომელიც ჩვენი ნაკრების ბიჭებმა საფეხბურთო მოედანზე და მოედნის მიღმაც უკვე დიდი ხანია ჭარბად დაამტკიცეს“, - წერს ირაკლი კობახიძე.

პრემიერი ქვეყნის მტრებს უწოდებს მათ, ვინც ფეხბურთელები ბიძინა ივანიშვილისთვის მადლობის გადახდის გამო გააკრიტიკა:

„როდესაც ქვეყნის მტერი გლანძღავს, ეს ნიშნავს, რომ სწორად იქცევი და სწორი ადამიანი ხარ... ძაღლი ყეფს და ქარავანი მიქრის - ქვეყნის მტრები წუხან, მაგრამ ქართული ფეხბურთი წინ მიდის“.

23 აპრილს ბიძინა ივანიშვილის ფონდმა „ქართუმ“ გაავრცელა განცხადება, რომლითაც ნაკრებს 30 მილიონ ლარს დაჰპირდა ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში. 4 ივლისს კი განცხადება გაავრცელა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელშიც ეწერა, რომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით ასპარეზობისა და მერვედფინალში გასვლის აღსანიშნავად, ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან“, ჯილდოს სახით, 30 მილიონი ლარი გამოიყო, რაც, მათივე თქმით, ნაკრების წევრებმა პრემიის სახით უკვე მიიღეს.

ამავე განცხადებაში მოყვანილი იყო ნაკრების კაპიტნის, გურამ კაშიას ციტატა, რომელიც მადლიერებას გამოხატავდა ბიძინა ივანიშვილისგან გადაცემული საჩუქრის გამო.

„ნაკრების სახელით მსურს მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და ფონდ “ქართუს” ჩვენი შრომის დაფასებისთვის და ფეხბურთის მხარდაჭერისთვის. ეს ძალიან მნიშვენლოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი საყვარელი სპორტის სახეობის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის“, - ეწერა გურამ კაშიას განცხადებაში, რომელსაც ფედერაცია ციტირებდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG