Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიშელმა ორბანს შეახსენა, რომ რუსეთი აგრესორია, უკრაინა - მსხვერპლი


ფოტო არქივიდან. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი(მარცხნივ) და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ევროკავშირის სამიტზე ბრიუსელში. 2023 წლის 23 მარტი
ფოტო არქივიდან. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი(მარცხნივ) და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ევროკავშირის სამიტზე ბრიუსელში. 2023 წლის 23 მარტი

ბრიუსელი შეაშფოთა გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში ვიზიტს გეგმავს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ როტაციის პრინციპით თავმჯდომარეობა არავის აძლევს ევროკავშირის სახელით რუსეთთან ჩართულობის უფლებამოსილებას. მიშელმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ევროპული საბჭოს პოზიცია, რომ რუსეთი აგრესორია, უკრაინა - მსხვერპლი და უკრაინის შესახებ მისი მონაწილეობის გარეშე არანაირი დისკუსია არ იქნება.

4 ივლისს, რადიო თავისუფლებას წყარომ უნგრეთის მთავრობაში აცნობა, რომ 5 ივლისს პრემიერ-მინისტრი ორბანი მოსკოვში ჩავა და მოლაპარაკებას გამართავს რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან. უნგრეთის მთავრობას ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია. ცნობა ორბანის ვიზიტის შესახებ არც უარყო და არც დაადასტურა კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა.

2 ივლისს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი კიევში ჩავიდა და მოლაპარაკება გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომელსაც შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტა და ამის შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება. კიევმა ეს წინადადება უარყო.

უკრაინისთვის დასავლეთის სამხედრო დახმარებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისადმი კრიტიკულად განწყობილი ორბანის კიევში ჩასვლამდე ერთი დღით ადრე, 1 ივლისს, უნგრეთმა ექვსი თვით გადაიბარა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG