უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აღიარეს, რომ დატოვეს ქალაქ ჩასოვ-იარის ნაწილი დონეცკის ოლქში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საოპერაციო ჯგუფ „ხორტიციას“ წარმომადგენელმა დაადასტურა მოსკოვის მიერ ადრე გაკეთებული განცხადება და დააზუსტა, რომ რუსეთის ჯარები ახლა აკონტროლებენ ჩასოვ-იარის რაიონს, რომელიც „კანალის“ სახელით არის ცნობილი. მისი თქმით, ორგანიზებული უკანდახევა მოხდა შეიარაღებული ძალების სარდლობის თანხმობით.
ჩასოვ-იარის გარშემო აპრილიდან მოყოლებული მიმდინარეობდა აქტიური საბრძოლო მოქმედებები. ის უკრაინის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკურ ცენტრს წარმოადგენს.
ამასობაში უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ ხუთშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის მიერ გაზის საწარმო „უკრჰაზვიდობივანნიას“ ინფრასტრუქტურაზე 4 ივნისს განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა ობიექტი და ერთი ადამიანი დაიღუპა, დაჭრილია სამი ადამიანი. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
დღესვე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რომელიც ყაზახეთში იმყოფება შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე, ასტანაში განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრაში დასავლეთია დამნაშავე.
პუტინმა შეაქო „თანამშრომლობის ახალი არქიტექტურა, განუყოფელი უსაფრთხოება და განვითარება ევრაზიაში, რაც შექმნილია მოძველებული ევროცენტრული და ევროატლანტიკური მოდელების ჩასანაცვლებლად, რომლებიც მხოლოდ გარკვეულ სახელმწიფოებს ანიჭებდნენ ცალმხრივ უპირატესობებს“.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის 24-ე ყოველწლიურ სამიტზე მთავარი საკითხებია პუტინისა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის ანტიდასავლური განცხადებები და ორგანიზაციის მიერ მოსკოვის მოკავშირე ბელარუსის მიღება მე-10 წევრად.
ფორუმი