Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი აქტივისტი ბორის ზოლოტარევსკი წერს, რომ საქართველოში არ შეუშვეს


ბორის ზოლოტარევსკი, რუსი აქტივისტი
ბორის ზოლოტარევსკი, რუსი აქტივისტი

რუსი აქტივისტი ბორის ზოლოტარევსკი თავის ფეისბუკის გვერდზე წერს, რომ ქართველმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შეუშვეს.

"საქართველოში არ შემიშვეს ქვეყანაში ცხოვრების მესამე წელს. მესაზღვრეებს ჩემი პასპორტის დანახვაზე თვალები დაუმრგვალდათ, შემდეგ მორიგეებში უფროსმა მონიტორს დაბღვერით შეხედა და რაციაში გადალაპარაკების შემდეგ გავიდა. მთხოვა დავლოდებოდი - ორი საათის განმავლობაში სხვადასხვაფერი პასპორტებით ბევრმა ადამიანმა ჩამიარა, შემდეგ მიხმეს, გადმომცეს სტანდარტული ფურცელი მშრალი ფორმულირებით - „უარის მიზეზი: სხვა მიზეზები.“

აქტივისტი წერს, რომ საქართველო „მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა“.

„ოცჯერ მაინც ვარ ნამყოფი საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს. ხელს ვართმევდი ხალხს, ვუყურებდი თვალებში და ვეხვეოდი მათ. რასაც ჩვენი ქვეყანა აკეთებს საქართველოს ტერიტორიის 20-ზე მეტი პროცენტის ოკუპაციით და ახალი მიწების მოკბეჩით მცოცავი ოკუპაციის ფარგლებში, საშინელებაა... ქართველები და საქართველო უკვე მარადიულად ჩემს გულშია, მადლობა ყველაფრისთვის საქართველო. დიდი იმედი მაქვს, კიდევ შევხვდებით“, - წერს აქტივისტი.

Free Russia Foundation-ის დირექტორის, ეგორ კუროპტევის თქმით, ბორისი სამი წელია საქართველოში ცხოვრობს და ამ წლების განმავლობაში არათუ არ დაურღვევია საქართველოს კანონები, ხმამაღლა აპროტესტებდა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.

„რუსი ოპოზიციონერი აქტივისტებისთვის ეს და სხვა გაუმართლებელი უარი საქართველოში შესვლაზე საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად მიგვაჩნია“, - ამბობს ეგორ კუროპტევი.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, უფლებადამცველებსა და აქტივისტებს არაერთხელ უთხრეს უარი საქართველოში შესვლაზე - უმეტეს შემთხვევაში, მიზეზის განმარტების გარეშე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG