Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთომ მიიღო "ქართული ოცნების" კრიტიკის შემცველი დეკლარაცია


საილუსტრაციო ფოტო: აბრა ეუთოს ოფისზე
საილუსტრაციო ფოტო: აბრა ეუთოს ოფისზე

პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ხმა არ მისცეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიური სესიის შემდეგ მიღებულ საბოლოო დეკლარაციას. სესია 2024 წლის 29 ივნისიდან 3 ივლისამდე მიმდინარეობდა რუმინეთის დედაქალაქში, ბუქარესტში.

ყოველწლიური სესიის თემა იყო „ეუთოს როლი უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურაში: საპარლამენტო პერსპექტივა“.

რამდენიმედღიანი დებატები ბუქარესტის დეკლარაციის მიღებით დასრულდა. იგი მოიცავს რეკომენდაციებს უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების, ეკონომიკისა და ეკოლოგიის სფეროებში.

საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ უკმაყოფილება გამოთქვა დეკლარაციაში "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიმართ კრიტიკული პუნქტების, მათ შორის "აგენტების კანონის" მიღების შესახებ პუნქტის გამო.

ქართული დელეგაციის უკმაყოფილება მოჰყვა ასევე დეკლარაციაში შეთანხმებულ პუნქტს საქართველო-რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებით, რომელიც შემდეგი ფორმულირებით იყო ჩამოყალიბებული: მოხდეს თბილისის მიერ კონტროლირებადი საქართველოს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შერიგება.

„ტექსტის ისეთი ფორმულირება, როგორიც დაემატა პარაგრაფს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით, არის ზუსტად იმგვარი, როგორსაც რუსეთი ბოლო 16 წელია ცდილობს წარმოაჩინოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში - რომ თითქოს რუსეთი არ არის კონფლიქტის მხარე და მე ვციტირებ ტექსტს შესწორებიდან: თბილისის მიერ კონტროლირებადი საქართველოს, აფხაზეთისა და ოსეთის შერიგებაა საჭირო. აბზაცში წერია, რომ კონფლიქტში სამი მხარეა - უცნაურად კონსტრუირებული ტერმინი, თბილისის მიერ კონტროლირებადი საქართველო, აფხაზეთი და ოსეთი. აქამდე მეგონა, რომ ეს ორგანიზაცია აღიარებდა მხოლოდ ერთ საქართველოს - საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში - და ვფიქრობდი, რომ ბოლო ოთხი წელია, სწორედ ასეთ ორგანიზაციას წარმოვადგენდი. ახლა, როგორც ჩანს, ამ ასამბლეას ჰგონია, რომ არსებობს თბილისის მიერ კონტროლირებადი საქართველო (აბსოლუტურად მიუღებელი ტერმინი), ერთი მხრივ, და აფხაზეთი და ოსეთი, მეორე მხრივ. ეს ყველაფერი, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან გულსატკენია“, - თქვა ნიკოლოზ სამხარაძემ 2 ივლისს, დებატებზე სიტყვით გამოსვლისას და აღნიშნა, რომ პროტესტის ნიშნად საქართველო დეკლარაციის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდა.

ამავდროულად, 3 ივლისს, კენჭისყრისას, დოკუმენტიდან ამოიღეს სადავოდ ქცეული პუნქტი.

„საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკუპაციის კონტექსტში მიმდინარე რთული დინამიკის დეტალური განხილვის შემდეგ, ჩვენ აშშ-ის დელეგაციასთან ერთად მივედით საერთო მოსაზრებამდე, სჯობს 25-ე პუნქტის ამოღება ახალი რედაქციიდან, დეკლარაციაში მოწოდების შენარჩუნებით, რუსული ჯარის ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან გაყვანისა და ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობის ხაგზასმით“, - თქვა პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა დეკლარაციას მხარი არ დაუჭირეს მასში საქართველოს ხელისუფლების მიმართ გამოთქმული კრიტიკის გამო.

ასამბლეა დეკლარაციის 25-ე პუნქტში გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას კრემლის მიერ მხარდაჭერილ და თანმიმდევრულ ძალისხმევასთან დაკავშირებით, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს მყიფე დემოკრატიას და საქართველოს მოსახლეობის ევროატლანტიკურ არჩევანს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის მიერ ანტიდემოკრატიული კანონმდებლობისა და პოლიტიკის ამოქმედებით, მათ შორის, არა მხოლოდ გამჭვირვალობის შესახებ რუსული ყაიდის კანონის მიღებით.

უცხოური გავლენის შესახებ კანონი საქართველოში ძირს უთხრის ადამიანის უფლებებს და არაპროპორციულად შეზღუდავს ძირითად თავისუფლებებს, როგორებიცაა შეკრების თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება, და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, აქტივისტებსა და მომიტინგეებზე.

დეკლარაციაში ასევე ხაზგასმულია ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობა ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს დეკლარაციის შესწორების კომენტირებისას თქვა, რომ შესწორება დამტკიცდა კომიტეტის მიერ მიღებულ ტექსტში, თუმცა ჩანაწერი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, ბოლო მომენტში გაიწვიეს, რის მიუხედავადაც, თავად ეს ფაქტია ძალიან შემაშფოთებელი.

"ჩვენ გვქონდა ძალიან მკაცრი რეაქციები როგორც კომიტეტზე, ისე სესიის ფარგლებში, გვქონდა ასევე რეაქცია საელჩოების მეშვეობით და კომუნიკაცია ამერიკულ მხარესთან, რომ არ შეიძლებოდა მსგავსი ტექსტით რეზოლუციის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტის ფარგლებში ეს ტექსტი დამტკიცდა, საბოლოო ჯამში, ბოლო მომენტში, ამერიკის დელეგაციის გადაწყვეტილებით, გაწვეულ იქნა ეს ჩანაწერი რეზოლუციის ტექსტიდან, თუმცა თავად ეს ფაქტი ძალიან შემაშფოთებელია", - თქვა მაკა ბოჭორიშვილმა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG