Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის აგრესიის გამო გერმანია და პოლონეთი აღმოსავლეთის ფლანგს გააძლიერებენ


გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი (მარცხნივ) და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი. ვარშავა, 2 ივლისი, 2024.
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი (მარცხნივ) და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი. ვარშავა, 2 ივლისი, 2024.

გერმანია და პოლონეთი შეთანხმდნენ, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა გაააქტიურონ ევროპის წინააღმდეგ რუსეთის მუქარის შესაკავებლად.

ისინი გააძლიერებენ აღმოსავლეთის ფლანგზე ნატოს ყოფნას და უკრაინის დახმარების კოორდინაციას. შესაბამისი განცხადებები ვარშავაში შეხვედრისას გააკეთეს გფრ-ს კანცლერმა ოლაფ შოლცმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა.

მხარეებმა ასევე განაცხადეს, რომ გააღრმავებენ თანამშრომლობას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენაში, მათ შორის Leopard 2 ტანკების რემონტსა და მომსახურებაში.

გერმანიის კანცლერი პოლონეთში უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა ვიზიტით მინისტრებთან ერთად. თავად შოლცი ვარშავაში უკანასკნელად 2021 წელს იმყოფებოდა.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დაძაბული იყო პოლონეთის კონსერვატიული პარტიის, „სამართლისა და სამართლიანობის“, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. შარშან პოლონეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა დონალდ ტუსკმა, ხელისუფლებაში კი მოვიდა პროევროპული კოალიცია.

გამოცემა Politico შოლცის ვიზიტის წინ წერდა, რომ ბერლინი დათანხმდება, კომპენსაცია გადაუხადოს მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ნაცისტების მიერ ჩადენილ დანაშაულთა მსხვერპლებს. მაგრამ ვარშავაში შეხვედრისას შოლცი არ გამოსულა მსგავსი წინადადებით. მან აღნიშნა, რომ გერმანია შეეცდება, დაეხმაროს დაზარალებულებს. გარდა ამისა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ბერლინში აიგოს პოლონეთ-გერმანიის სახლი და შეიქმნას გერმანიის ოკუპაციის მსხვერპლი პოლონელების მემორიალი.

ტუსკმა აღნიშნა, რომ რეპარაციების გადახდა ვერ აანაზღაურებს მეორე მსოფლიო ომის დანაკარგებს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს დიპლომატიური ომების საბაბი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG