უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოიერიშე წყალქვეშა ნავებმა მინიმუმ ორჯერ ჩაატარეს ოპერაციები ირლანდიის ზღვის რაიონში. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი იტყობინება წყაროებზე დაყრდნობით.
პირველი შემთხვევა მოხდა 18 თვის წინ, მეორე - სულ ახლახან. სააგენტოს თანამოსაუბრეთა თქმით, რუსეთის წყალქვეშა ნავების გადაადგილების მასშტაბები გასცდა იმ ფარგლებს, რასაც წინათ ხედავდნენ ბრიტანელი მოხელეები.
Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ „კრემლის ამ უპრეცედენტო ნაბიჯმა“ ბრიტანეთის სამხედროები აიძულა, ზომები მიეღოთ ბრიტანეთისა და ირლანდიის წყლების დასაცავად.
ლაპარაკია Kilo-ს კლასის წყალქვეშა ნავებზე. ესაა დიზელის საწვავსა და ელექტროენერგიაზე მომუშავე მოიერიშე ხომალდი, რომელსაც უნარი შესწევს გაუშვას ფრთოსანი რაკეტები „კალიბრი“ და ტორპედოები, ასევე განათავსოს საზღვაო ნაღმები.
Bloomberg-ის თანამოსაუბრეების თქმით, აშშ-ის ხელისუფლებამ იცოდა რუსეთის წყალქვეშა ნავების გადაადგილების შესახებ. ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალი რანგის მოხელის თქმით, შეერთებული შტატები თვალყურს ადევნებს რუსეთის ფლოტის საქმიანობას. ირლანდიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უწყება კომენტარს არ აკეთებს სხვა ქვეყნების შეიარაღებული ძალების ოპერაციებზე. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროშიც უარი თქვეს კომენტარზე.
სააგენტოს თანამოსაუბრეთა აზრით, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ნაპირებთან რუსეთის წყალქვეშა ნავების გამოჩენა შესაძლოა არის მოსკოვის მცდელობა, გამოავლინოს ბრიტანეთის თავდაცვის სუსტი ადგილები და შეეცადოს დააშინოს ლონდონი კიევის მიმართ მისი მხარდაჭერის საპასუხოდ.
ფორუმი