Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიდერლანდში ფიცი დადო ახალმა მთავრობამ


მეფე ვილემ-ალექსანდერი და დიკ სხოოფი. ჰააგა, 1 ივლისი, 2024.
მეფე ვილემ-ალექსანდერი და დიკ სხოოფი. ჰააგა, 1 ივლისი, 2024.

ნიდერლანდის მეფე ვილემ-ალექსანდერმა სამშაბათს ფიცი მიიღო ქვეყნის ახალი მთავრობისგან. მთავრობა ჩამოყალიბდა საყოველთაო არჩევნების გამართვიდან ექვს თვეზე მეტი ხნის შემდეგ. არჩევნებში გაიმარჯვა ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიამ“ გეერტ ვილდერსის მეთაურობით.

თავად ვილდერსი, რომლის თანამოაზრეებმაც პირველად დაიკავეს რამდენიმე მინისტრის პოსტი, არ იქნება ახალი კაბინეტის ნაწილი. მან მხოლოდ მაისში მოახერხა კოალიციური შეთანხმების დადება მემარჯვენე პოლიტიკური სექტორის სამ სხვა პარტიასთან იმ პირობით, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე უარს იტყოდა.

შედეგად, ვილდერსის ნაცვლად, მთავრობას სათავეში ჩაუდგა ნიდერლანდის საერთო დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, უპარტიო დიკ სხოოფი. მინისტრთა კაბინეტის ფორმირებაზე მოლაპარაკებების დროს მისი კანდიდატურა წამოაყენეს, რათა შეემსუბუქებინათ გეერტ ვილდერსის ანტიისლამური რიტორიკის გამო შეშფოთება კოალიციის მთავარ პარტნიორებს შორის. კოალიციაში ვილდერსის პარტიის პარტნიორები არიან ყოფილ პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს „სახალხო პარტია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის“ და მემარჯვენე ცენტრისტული „ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება“. ზედმეტად რადიკალურად მიიჩნიეს ასევე უილდერსის ევროსკეპტიკური განცხადებები.

მთავრობა დიკ სხოოფის ხელმძღვანელობით, სავარაუდოდ, სექტემბრისთვის წარმოადგენს თავისი მუშაობის დეტალურ გეგმას. მაგრამ უკვე ცნობილია, რომ მინისტრთა ახალი კაბინეტის მთავარ ამოცანებს შორისაა ქვეყნის მთელ თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარება.

ახალი კაბინეტი 2010 წლიდან ნიდერლანდის პირველი მთავრობა იქნება მარკ რუტეს გარეშე. ოქტომბერში რუტე, რომელიც ადგილობრივ პოლიტიკოსებს შორის ყველაზე დიდხანს მუშაობდა პრემიერ-მინისტრად, ოფიციალურად გახდება ნატოს ახალი ხელმძღვანელი. კვირას ერისადმი თავის ბოლო მიმართვაში რუტემ თანამემამულეებს მოუწოდა თანამშრომლობისა და ერთმანეთზე ზრუნვისკენ. „ნიდერლანდს აქვს კომპრომისისა და პასუხისმგებლობის აღების უნიკალური ტრადიცია და მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ იგი“, - თქვა რუტემ. ამასთან, მან განაცხადა, რომ ნიდერლანდს სჭირდება ევროკავშირთან და ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობა. მთავრობის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის აუცილებლობა „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ თავად ნიდერლანდში.

გეერტ ვილდერსმა, რომელიც ადრე აკრიტიკებდა უკრაინისადმი ჰოლანდიის მხარდაჭერის მაღალ დონეს, გარკვეულწილად შეცვალა თავისი პოზიცია 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ის კვლავ არ უჭერს მხარს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, მაგრამ ახალი კოალიციის სხვა პარტიები მსგავს ნაბიჯებს იწონებენ.

ახალი კოალიციის შეთანხმების ტექსტში აღნიშნულია, რომ ნიდერლანდი „განაგრძობს უკრაინის პოლიტიკურ, სამხედრო, ფინანსურ და მორალურ მხარდაჭერას რუსული აგრესიის წინააღმდეგ“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG