იქიდან გამომდინარე, რომ საქმე არასრულწლოვანს ეხებოდა, სხდომა მედიისთვის დახურულ რეჟიმში წარიმართა და ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა.
პროკურორმა ვლადიმერ ბექიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სხვა განაჩენს არც მოელოდა.
„ჩვენ გვქონდა შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებდა დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, შესაბამისად, მოსამართლემ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - თქვა მან.
მოსამართლის გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში დაესწრო 14 წლის აითაჯ შახმაროვას მამა ისა შახმაროვი.
„მართალია, ჩემი შვილი ცოცხალი აღარ არის, მაგრამ განაჩენი გამიხარდა. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ამ საქმეს იძიებდა. სხვა არაფრის თქმა არ შემიძლია“, - აღნიშნა შახმაროვმა.
სასამართლოს განაჩენის შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა მსჯავრდადებულის ადვოკატმა. თავად ასიმ სადიკოვი (ასლანოვი) წინა სასამართლო სხდომებზე დანაშაულს არ აღიარებდა.
საგამოძიებო მასალების მიხედვით, 14 წლის აითაჯ შახმაროვა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 2023 წლის 6 ოქტომბერს მოკლა ასიმ სადიკოვმა (ასლანოვმა), რომელმაც მანამდე რამდენიმე თვით ადრე, გოგო იძულებითი ქორწინების მიზნით გაიტაცა, მოზარდის წინააღმდეგობის მიუხედავად. სადიკოვი (ასლანოვი) მკვლელობის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა პოლიციამ მალევე დააკავა.
მკვლელობაში ბრალდებულ ასიმ სადიკოვს (ასლანოვს) სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით ასამართლებდნენ. ესენია: მე-11 პრიმა 109-ე მუხლი, რომელიც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს; 150-ე პრიმა მუხლი, რომელიც ქორწინების იძულებას გულისხმობს; 140-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან და 236-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებას.
ასიმ სადიკოვის (ასლანოვის) გარდა, საქმეზე დაკავებული არიან მისი ბიძა და ბიძაშვილი. მათ დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს ბრალი. დააკავეს ასევე მოკლული აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა - ისინი ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არიან ბრალდებული. ეს ცალკე საქმედ განიხილება. იმის გათვალისწინებით, რომ დაკავებულები ქვემო ქართლიდან არიან, მათი სასამართლო პროცესები რუსთავში მიმდინარეობს.
ფორუმი