1 ივლისს, საღამოს საათებში, უკრაინის მიერ ანექსირებულ ყირიმში, ქალაქ სევასტოპოლზე კვლავ განხორციელდა სარაკეტო დარტყმა.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ყირიმში მომხდარი აფეთქებებიდან ერთ-ერთი ძლიერი ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა, იუწყებიან მასშტაბურ ხანძარზეც. ჯერჯერობით დაუდგენელია, კონკრეტულად რომელი ობიექტი იწვის.
სევასტოპოლის რუსეთის მიერ დანიშნული ხელმძღვანელი მიხაილ რაზვოჟაევი ტელეგრამით წერს: "წინასწარი ცნობებით, აკვატორიის თავზე და ბალაკლავის რაიონში ცაში განადგურებულია ოთხი საჰაერო სამიზნე", თუმცა "სამიზნეთა ნამსხვრევები ჩამოცვივდა ბალაკლავის რაიონის სანაპირო ზონაში". რაზვოჟაევის თქმით, ამ ეტაპზე დაზუსტების პროცესშია სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული დაზიანებები.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია სევასტოპოლზე მიტანილ იერიშზე.
ერთი კვირის წინ სევასტოპოლში ოთხი ადამიანი დაიღუპა და 140-ზე მეტი პირი დაიჭრა სარაკეტო თავდასხმის შედეგად. დაღუპულთა შორის, ოფიციალური მონაცემებით, სამი ბავშვია, მათ შორის მაგადანის მერის, ოლეგ ავერიანოვის ქალიშვილი. ბავშვები მშობლებთან ერთად სანაპიროზე იმყოფებოდნენ.
უკრაინის ხელისუფლებას ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია სევასტოპოლის სანაპიროს დაბომბვაზე. თუმცა კიევი აცხადებს, რომ ყირიმი წარმოადგენს საომარი მოქმედებების ზონას და ადგილობრივმა ხალხმა თავი შორს უნდა დაიჭიროს რუსეთის სამხედრო ობიექტებისგან.
ფორუმი