Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინი: "რუსეთმა უნდა განაახლოს საშუალო რადიუსის რაკეტების წარმოება"


საშუალო მოქმედების საბჭოთა რაკეტა, რომელსაც შეეძლო ბირთვული ქობინის ტარება
საშუალო მოქმედების საბჭოთა რაკეტა, რომელსაც შეეძლო ბირთვული ქობინის ტარება

„რუსეთმა უნდა განაახლოს საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების წარმოება და შემდეგ გადაწყვიტოს, სად განათავსოს ისინი“, - რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ეს განცხადება 28 ივნისს გააკეთა, უშიშროების საბჭოს წევრებთან გამართულ შეხვედრაზე.

პუტინის თქმით, შეერთებული შტატები არ წყვეტს თავისი საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების განლაგებას „მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, რაც შემაშფოთებელია და მოითხოვს რეაგირებას“.

„აშშ არა მარტო აწარმოებს სარაკეტო სისტემებს, არამედ უკვე განალაგა ევროპაში წვრთნებისთვის დანიაში და ახლა უკვე ფილიპინებშიც. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ უნდა მოვახდინოთ რეაგირება და მივიღოთ გადაწყვეტილებები, თუ რა უნდა გავაკეთოთ. როგორც ჩანს, ჩვენ უნდა დავიწყოთ ამ სისტემების წარმოება და შემდეგ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მივიღოთ გადაწყვეტილება, ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თუ სად განვათავსოთ ისინი“, - ციტირებს ვლადიმირ პუტინს საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ი.

პუტინს არ დაუკონკრეტებია, სად შეიძლება გეგმავდეს მოსკოვი საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების განლაგებას.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას ვაშინგტონი ჯერ არ გამოხმაურებია.

აშშ-ს არმიამ ადრე განაცხადა, რომ აპირებს ფილიპინებში საშუალო რადიუსის რაკეტების გამშვები მოწყობილობების განთავსებას, რეგიონული უსაფრთხოების მოსაზრებიდან გამომდინარე.

საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტები - ეს არის სახმელეთო ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები, რომლებსაც შეუძლიათ გადალახონ 500-დან 5500 კილომეტრამდე მანძილი და, როგორც წესი, გადაიტანონ ბირთვული ქობინები.

1987 წელს ვაშინგტონში შეერთებულმა შტატებმა და საბჭოთა კავშირმა ხელი მოაწერეს საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებას, რომელიც 2019 წლამდე მოქმედებდა. მაშინ აშშ-ს ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთმა დაარღვია ხელშეკრულება და ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. 2019 წლის აგვისტოში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც განაცხადა, რომ შეთანხმებამ მოქმედება შეწყვიტა.

მაშინ პუტინმა შენიშნა, რომ თუ ამერიკული საშუალო რადიუსის რაკეტები განთავსდება ევროპაში, რუსეთი იძულებული იქნება საპასუხო ნაბიჯები გადადგას, თუმცა ისიც თქვა, რომ რუსეთი არ აპირებს პირველმა განათავსოს ასეთი რაკეტები ევროპაში.

აშშ და ნატო აცხადებენ, რომ რუსეთი დე ფაქტო არ ასრულებს მის მიერ გამოცხადებულ მორატორიუმს და მიუთითებს იმავე 9M729 რაკეტების განლაგებაზე. დასავლეთი ამტკიცებს, რომ ამ რაკეტების მოქმედების დიაპაზონი 500 კილომეტრზე მეტია, რასაც მოსკოვი უარყოფს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG