Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომის საკადრო პოლიტიკა: რატომ გადააყენა ზელენსკიმ 5 თვის წინ დანიშნული გენერალი სოდოლი?


უკრაინის გმირი, გენერალი იური სოდოლი უკრაინის გაერთიანებული ძალების სარდლის პოსტზე 2024 წლის 13 თებერვალს თავად პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიშნა
უკრაინის გმირი, გენერალი იური სოდოლი უკრაინის გაერთიანებული ძალების სარდლის პოსტზე 2024 წლის 13 თებერვალს თავად პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიშნა

25 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა არმიის ხელმძღვანელობაში მორიგი საკადრო ცვლილება განახორციელა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გადააყენა უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხელმძღვანელი - გაერთიანებული ძალების სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი იური სოდოლი

სოდოლი ამ პოსტზე მიმდინარე წლის თებერვალში თავად უკრაინის პრეზიდენტმა დანიშნა.

თავის ტელეგრამის არხზე ინგლისურად გამოქვეყნებულ ცნობაში უკრაინის პრეზიდენტი არაფერს ამბობს იმაზე, თუ რა გახდა უკრაინის გმირის წოდების მქონე გენერლის თანამდებობიდან გადაყენების და მის ნაცვლად, ბრიგადის გენერალ ანდრეი გნატოვის დანიშვნის მიზეზი.

ზელენსკი დუმდა მაშინაც, როდესაც მის მიერვე საბრძოლო მოქმედებების კოორდინატორად დანიშნული გენერალი სოდოლი დღითი დღე კარგავდა სამხედროების ნდობას, რაც ბოლოს უპრეცედენტო სკანდალით დასრულდა. გენერალ სოდოლს, ვისაც ბრძოლის ველზე ჯარისკაცების სიცოცხლის გაფრთხილება ევალებოდა, "დამნაშავე და მკვლელი" უწოდეს და საკუთარი სამხედროების უაზრო გაწირვაში დაადანაშაულეს.

და ასეთი ბრალდების ავტორები არიან არა მხოლოდ პოლიტიკოსები ან სამხედრო ბლოგერები, არამედ პროფესიონალი სამხედროც, პოლკ "აზოვის" შტაბის უფროსი ბოგდან კროტევიჩი. 23 ივნისს მან უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიუროში შეიტანა განცხადება, რომლის თანახმადაც, პირადი შემადგენლობის დიდ დანაკარგთან დაკავშირებით სოდოლის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოითხოვა.

ოფიცერი, რომელმაც საზღვაო ქვეითი ძალა ამერიკულ მოდელზე შექმნა

2024 წლის თებერვალში, როდესაც 53 წლის გენერალ იური სოდოლს უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ ძალების სარდლად ნიშნავდა, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ხუთი თვის თავზე ბრწყინვალე სამხედრო ბიოგრაფიის გენერლის გადაყენება იქნებოდა არმიის შიგნით დაწყებული უკმაყოფილების ჩაცხრობის ერთადერთი გამოსავალი.

არადა, უკრაინულ და დასავლეთის მედიაში გამოქვეყნებული გენერალ სოდოლის სამხედრო ბიოგრაფია ნათლად მოწმობს, რომ ზელენსკიმ თავის დროზე სწორი არჩევანი გააკეთა.

გენერალ სოდოლის გაერთიანებული ძალების სარდლად დანიშვნა უკრაინის პრეზიდენტს ურჩია შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ, რომელმაც სრულიად განაახლა არმიის სამეთაურო შემადგენლობა თანამდებობიდან მისი წინამორბედის, გენერალ ვალერი ზალუჟნის გათავისუფლების შემდეგ.

ხანგრძლივი სამხედრო სამსახურისა და სხვადასხვა სასწავლებლის გავლის შედეგად გენერალი იური სოდოლი ფლობს არტილერისტის, საზღვაო ფეხოსნისა და საჰაერო მედესანტის სპეციალობებს.

2003 წლიდან იური სოდოლი სამსახურს იწყებს უკრაინის შძ-ის სადესანტო ჯარებში, სადაც ერთი წლის შემდეგ 25-ე ცალკეული საჰაერო-სადესანტო ბრიგადის მეთაურად დაინიშნა.

ამ თანამდებობაზე შეხვდა ის 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებას. 10 წლის წინ გენერალი იურის სოდოლი მონაწილეობას იღებდა რუბეჟნოეს ბრძოლებში, იამპოლის შტურმში, დონეცკის აეროპორტის დაცვაში, მისი ბრიგადა უზრუნველყოფდა დებალცევოს ალყიდან უკრაინის შძ-ების გასვლის ზურგიდან დაცვას.

2015 წლის დასაწყისში იური სოდოლი დაინიშნა საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაურის პირველ მოადგილედ. 2018 წლის მარტიდან იგი ხელმძღვანელობდა უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეით ჯარს. ახლად ჩამოყალიბებულ სახეობას, რომელიც, როგორც თავად ამბობდა, მან წმინდად ამერიკულ მოდელზე შექმნა.

იმავე წელს იური სოდოლს მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის წოდება. ხოლო 2022 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, იური სოდოლმა, როგორც სარდალმა, მონაწილეობა მიიღო ვოლნოვახის მახლობლად ბრძოლებისა და მარიუპოლის დაცვის ორგანიზებაში. მინიჭებული აქვს უკრაინის გმირის წოდება.

ასეთი შთამბეჭდავი ბიოგრაფიის გამო, ხუთი თვის წინ, მცირე გამონაკლისის გარდა, უკრაინული მედია მაღალ შეფასებას აძლევდა უკრაინის გაერთიანებული ძალების ახალი სარდლის სამხედრო გამოცდილებას და სამეთაურო უნარს.

სხვათა შორის, იმხანად ძალიან პოპულარული იყო ფოტო, რომელზეც გაერთიანებული ძალების მომავალი სარდალი ერთ-ერთი წვრთნის დროს თავად აჩვენებს პირად შემადგენლობას, თუ როგორ უნდა მოხდეს ბრძოლის ველიდან დაჭრილი თანამებრძოლის გამოყვანა.

უკრაინის შძ-ის გაერთიანებული ძალების ახალი სარდალი იური სოდოლი (მარჯვნივ). ერთ-ერთი წვრთნის დროს ზურგით გადაჰყავს "დაჭრილი" მებრძოლი. 2018 წლის 8 მაისი
უკრაინის შძ-ის გაერთიანებული ძალების ახალი სარდალი იური სოდოლი (მარჯვნივ). ერთ-ერთი წვრთნის დროს ზურგით გადაჰყავს "დაჭრილი" მებრძოლი. 2018 წლის 8 მაისი

პარადოქსულია, მაგრამ ფაქტია, რომ გენერალ იური სოდოლის თანამდებობიდან გადაყენების არაოფიციალური მიზეზი, დიდი ალბათობით, სწორედ არაპროფესიონალური გადაწყვეტილებების გამო პირადი შემადგენლობის ანუ ცოცხალი ძალის გაწირვა გახდა.

"გენერალ სოდოლს ადრეც საყვედურობდნენ ხელქვეითები, რომ არ უფრთხილდება პირად შემადგენლობას. საუბარი იყო საზღვაო ქვეითების დიდ მსხვერპლზე კრინკის ოპერაციის დროს. და აი, ბოლო წვეთი გახდა ინტერნეტში გამოქვეყნებული მისი ფოტოგრაფია. იმ დროს, როდესაც დონბასში, ფრონტის მისი მონაკვეთი, მტრის უდიდესი შეტევის წინაშე იდგა, იგი [სოდოლი] იმყოფება ოდესაში და ღრეობაში მონაწილეობს", - უთხრა უკრაინელმა სამხედრო მიმომხილველმა მიხაილო სამუსმა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს.

ასეთი ბრალდება "ვერხოვნა რადის" დეპუტატმა, მმართველი პარტია "ხალხის მსახურის" წევრმა, მარიანა ბეზუჰლამ 22 ივნისს თავისი ფეისბუკით გაავრცელა. სიტყვიერ ბრალდებას "ვერხოვნა რადის" თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დეპუტატმა ქალმა მოაყოლა ასევე ფოტოებიც, რომელზეც, მისი მტკიცებით, გენერალი იური სოდოლი ოდესაში ქეიფობდა იმ დროს, როდესაც რუსეთის არმია დონეცკის ოლქის ქალაქ ტორეცკს უტევდა.

ეს ის მარიანა ბეზუჰლაა, რომელიც თავის დროზე მწვავედ აკრიტიკებდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, გენერალ ვალერი ზალუჟნის.

„გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ ვერ წარმოადგინა რუსეთთან ომის წარმოების 2024 წლის სამოქმედო გეგმა. ვერც - დიდი, ვერც - პატარა, ვერც - ასიმეტრიული და ვერც - სიმეტრიული“, - წერდა მარიანა ბეზუჰლა, რომლის შეფასებასაც თანაფრაქციელების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ამ დაპირისპირების გამო მარიანა ბეზუჰლამ „ვერხოვნა რადის“ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტი დატოვა, მოგვიანებით კი მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციიდან გასვლა მოითხოვა.

"მან უფრო მეტი უკრაინელი ჯარისკაცი დახოცა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა რუსმა გენერალმა"

მაგრამ მარიანა ბეზუჰლას გარდა, გენერალ იური სოდოლის საქმიანობა ცნობილმა სამხედრო პირმა, პოლკ "აზოვის" შტაბის უფროსმა ბოგდან კროტევიჩმაც გააკრიტიკა. მან უკრაინის საგამოძიებო ბიუროში საჩივარი შეიტანა სოდოლის წინააღმდეგ, მაგრამ გენერლის სახელი არ უხსენებია.

"მივწერე წერილი გამოძიების სახელმწიფო ბიუროს, რომელშიც მოვითხოვ გამოძიებას არმიის გენერალზე, რომელმაც, ჩემი აზრით, უფრო მეტი უკრაინელი ჯარისკაცი დახოცა, ვიდრე რომელიმე რუსმა. ყველა სამხედროს ესმის, თუ რომელ პიროვნებაზე ვსაუბრობ, რადგან სამხედროების 99 პროცენტს სძულს ის იმისთვის, რასაც აკეთებს“, - წერს ტელეგრამის არხში კროტევიჩი, რომელიც "აზოვსტალის" ალყის შემდეგ რუსების ტყვეობაში აღმოჩნდა და სამშობლოში თურქეთის პრეზიდენტის დახმარებით ჩამოვიდა.

ცნობილი მეთაურის კრიტიკას სერიოზული რეზონანსი მოჰყვა უკრაინის სამხედრო წრეებში. სამხედროები გენერალ სოდოლს ტერიტორიებისა და ათასობით ჯარისკაცის სიცოცხლის დაკარგვაში ადანაშაულებენ.

„მან თავი ისახელა ჯარების მართვის დროს რობოტინოში. თავი ისახელა, მაპატიეთ, როგორც ადამიანმა, რომელიც 21-ე საუკუნეში, როდესაც არსებობს დრონები და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები, - მოქმედებს „საბჭოურად“, იბრძვის, მაპატიეთ, ადამიანური რესურსით. ჯარების მართვის არცოდნის და მისი არაკომპეტენტურობის შედეგად რამდენიმე ტალღად განხორციელებული ე.წ. სახორცე ოპერაციების გამო დაიღუპა ძალიან ბევრი უკრაინელი ჯარისკაცი. და მე აბსოლუტურად მხარს ვუჭერ და ვიზიარებ უკრაინელი სამხედროების და მეთაურების, კერძო ეროვნული გვარდიის პოლკ „აზოვის“ მეთაურის აღშფოთებას“, - განაცხადა რუსეთ-უკრაინის ომის ვეტერანმა, ოლეგ სიმოროსმა რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის პირდაპირ ეთერში.

ამ საყოველთაო კრიტიკის ფონზე უკრაინის პრეზიდენტმა 25 ივნისს თანამდებობიდან გადააყენა გენერალ-ლეიტენანტი იური სოდოლი და მის ნაცვლად გაერთიანებული ძალების სარდლად დანიშნა ბრიგადის გენერალი ანდრეი გნატოვი. იგი მანამდე უკრაინის სახმელეთო ჯარების "აღმოსავლეთის" ოპერატიულ სარდლობას ხელმძღვანელობდა.

26 ივნისს გაერთიანებული ძალების ახალი სარდალი პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონეცკის ქალაქ პოკროვსკში, ფრონტის ამ სახიფათო უბანზე მოქმედი სამხედრო დანაყოფების მეთაურებს გააცნო.

და როგორც ხუთი თვის წინ, ამ პოსტზე გენერალ იური სოდოლის დანიშვნის დროს იყო, ახალ სარდალს უკრაინის პრეზიდენტმა "ეფექტიანი მუშაობა" უსურვა და მოუწოდა, ყოველთვის ახსოვდეს ყველაზე მთავარი: "ეს არის ჩვენი ხალხი, და გააკეთეთ ყველაფერი, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოთ პირადი შემადგენლობა", - განაცხადა ქალაქ პოკროვსკში ყოფნის დროს ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

  • ამჟამად რუსეთის არმიის მოიერიშე ქვედანაყოფები ცდილობენ ხელთ იგდონ დონეცკის ოლქის ქალაქი პოკროვსკი, რომელიც მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს.
  • უკრაინელმა სამხედროებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ ფრონტზე ყველაზე მძიმე ბრძოლები პოკროვსკის მიმართულებით მიმდინარეობს.
  • რუსეთის ჯარები პოკროვსკისკენ ავდეევკის დასავლეთით მდებარე პოზიციებიდან მიიწევენ და ბოლო თვეებში, ღია წყაროების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამ მიმართულებით დაახლოებით 5-10 კილომეტრით წაიწიეს წინ. მაგრამ უკრაინის არმიის მძლავრი თავდაცვის გამო, ქალაქთან უფრო მიახლოებას ვერ ახერხებენ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG