შიმშილის გლობალური დაკვირვების მონაცემებით, ღაზაში კვლავაც მაღალია შიმშილის საფრთხე, რადგან ომი გრძელდება და დახმარებასთან წვდომა შეზღუდულია, თუმცა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებამ შეამცირა მოსალოდნელი უკიდურესი შიმშილის გავრცელება ჩრდილოეთ რაიონებში.
სასურსათო უსაფრთხოების ფაზების კომპლექსური კლასიფიკაციის (IPC) განახლებული მონაცემების თანახმად, ღაზის სექტორის მთელ ტერიტორიაზე 495 ათასზე მეტი ადამიანი, სასურსათო დაუცველობის ყველაზე მძიმე, ან "კატასტროფული" მდგომარეობის წინაშეა.
ეს უფრო ნაკლებია, ვიდრე სამი თვის წინ განახლებული პროგნოზით გამოცხადებული 1.1 მილიონი ადამიანი, მაგრამ მაინც უფრო მეტია, ვიდრე ღაზის მოსახლეობის ერთი მეხუთედი. ისრაელის სამხედრო იერიში ღაზაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ჰამასი (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი დაჯგუფება ) სამხრეთ ისრაელში შეიჭრა 7 ოქტომბერს, რასაც 1200 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 250-ზე მძევლად აიყვანეს.
პალესტინის ჯანდაცვის ორგანოების თანახმად, ისრაელმა საპასუხოდ დახოცა თითქმის 37 600 ადამიანი, ღაზა ნანგრევებად იქცა, რის შედეგადაც ხალხს არაერთხელ მოუწია გადაადგილება, ბლოკადაში მყოფ და მჭიდროდ დასახლებულ სანაპირო ტერიტორიაზე.
IPC არის ინიციატივა, რომელშიც მონაწილეობენ გაეროს სააგენტოები, ეროვნული მთავრობები და ჰუმანიტარული ჯგუფები და რომელიც ადგენენ საკვებ-სასურსათო კრიზისის შეფასების გლობალურ სტანდარტს. მის ყველაზე უკიდურეს გაფრთხილებას წარმოადგენს მეხუთე ფაზა, რომელსაც ორი დონე აქვს - კატასტროფა და შიმშილი.
შიმშილი შეიძლება გამოცხადდეს იმ შემთხვევაში, თუ, რეგიონის მოსახლეობის სულ ცოტა, 20%-ი საკვების უკიდურეს დეფიციტს განიცდის და ბავშვების სულ ცოტა, 30%-ს კვების მწვავე უკმარისობა აქვს და როცა ყოველი 10000 ადამიანიდან ყოველდღიურად ორი ადამიანი კვდება შიმშილით ან არასრულფასოვანი კვებით და ავადმყოფობით.
ფორუმი