Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა ლგბტ ადამიანების უფლებების შემზღუდავი კანონპროექტების კენჭისყრა 27 ივნისისთვის გადადო


პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

ლგბტ პირთა უფლებების შემზღუდავი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი 26 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს. საკითხის პარლამენტში განხილვამდე, 16 აპრილიდან 16 მაისამდე, საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე შექმნილმა საყოველთაო-სახალხო განხილვების საორგანიზაციო კომისიამ საქართველოს რეგიონებში შეხვედრები გამართა.

კომისიის მუშაობის შესახებ პარლამენტის წინაშე დასკვნა წარადგინა პარლამენტისა და ამ კომისიის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რომელმაც მიიჩნია, რომ პროექტმა ყველა პროცედურა გაიარა და ის მზად არის პარლამენტში განსახილველად. პაპუაშვილის თქმით, შეხვედრებში 5000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. ამასთან, მისი თქმით, კომისია შეხვდა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ერთ-ერთი მომხსენებელი იყო ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჰკითხა, გაბედავს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი კანონპროექტზე ვეტოს დადებას. იონათამიშვილს მიაჩნია, რომ პრეზიდენტი, სავარაუდოდ, გამოიყენებს ვეტოს უფლებამოსილებას.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ თქვა, რომ თუ პრეზიდენტი კანონპროექტს ვეტოს დაადებს, მის საპარლამენტო მდივანს „პარლამენტში იოლი გასეირნება არ ექნება. „იმიტომ“ და „ამიტომ“ აღარ გაუვა“.

პროექტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს უნდა დაემატოს მე-3 პუნქტი: „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.

პროცედურულად, სწორედ ამ შესწორების დამტკიცების შემდეგ იქნება შესაძლებელი ახალი კონსტიტუციური კანონის მიღება, რომლის ინიციატორიც ასევე საპარლამენტო უმრავლესობის 83 წევრია.

კონსტიტუციური კანონის პროექტი ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვების, „დედა - ქალია, მამა კი - კაცი“ [2023 წლის 4 მაისს პარლამენტში წარმოთქმული სიტყვიდან] სახელმწიფოს უზენაეს კანონში ირიბად ასახვასაც ითვალისწინებს. პროექტში ეს ფრაზა ასეთი ფორმულირებით მოხვდა: „ბათილია საჯარო ხელისუფლების ან კერძო პირის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებას პირდაპირი ან ირიბი ფორმით ზღუდავს“ [კონსტიტუციური კანონის პროექტი, მუხლი 1, პუნქტი 5].

იმის გამო, რომ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს, „ქართული ოცნება“ გეგმავს 10 ივნისს ინიციირებული კიდევ ერთი ჰომოფობიური კანონპროექტების პაკეტის, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ მიღებას, რომელიც დამატებით 18 მოქმედ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს. ის, მათ შორის, გულისხმობს ცვლილებას „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში. უფრო კონკრეტულად კი - ცვლილებას კანონის მეცხრე მუხლში.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ამ მუხლით შესაძლოა დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ის ეხება, მაგალითად, ცილისწამებას, პირისპირ შეურაცხყოფას, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებას, უხამსობას და ა.შ.

ცვლილებების შემდეგ - დაუშვებელი ხდება „საჯაროდ ისეთი შეკრება ან/და მანიფესტაციის ჩატარება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ“.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, მაუწყებლები ვალდებული იქნებიან, არ გაავრცელონ ისეთი რეკლამა და ინფორმაცია, რომლებიც მიმართულია ლგბტ „ურთიერთობებისა და ინცესტის პოპულარიზაციისკენ“.

როდესაც საქმე ეხება ტელეეთერში ფილმის ჩვენებას, ლგბტ სექსისა და ინცესტის ამსახველი კადრების ეთერში გაშვება იკრძალება.

კამათი პარლამენტში

ე.წ. აგენტების კანონის მიღების შემდეგ ოპოზიციის დიდ ნაწილს პარლამენტში ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. სხდომას ოპოზიციიდან საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წევრები ესწრებოდნენ.

ვახტანგ მეგრელიშვილმა გააკრიტიკა ლგბტ ადამიანებისთვის შვილის აყვანის აკრძალვის საკითხი. „ამ ადამიანებს მშობლის პოტენციურ უფლებას ვართმევთ?“ - ჰკითხა მან საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.

„პროფესიონალთა ჯგუფი, დამატებით მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას. ცხადია, როდესაც ასეთი საკითხი განიხილება, სოცმუშაკის ჩართულობა არის, სპეციალისტის, მულტიდისციპლინური ჯგუფის ჩართულობა არის, საბოლოო ჯამში მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას. ამ დროს მთლიანად გარემოს და ბევრი საკითხის გადაწყვეტილება ხდება… ამიტომ ჩვენ კი და არას ვერ გიპასუხებთ. ჩვენ უბრალოდ ამ სტანდარტის დაცვისკენ ვიქნებით მოწადინებული. რაც მთავარია, პრინციპს დავიცავთ. დიახ, ჩვენ ვსაზღვრავთ ისეთ პუნქტებს, რომლებიც მნიშვნელოვანია და გამომდინარეობს ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან“, - უპასუხა მეგრელიშვილს კანონპროექტის მომხსენებელმა, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.

საუბარში ჩართო შალვა პაპუაშვილი და თქვა: „სხვისი შვილის აყვანის უფლება აღარ ექნება. საკუთარი შვილი შეუძლია ჰყავდეს“.

მეგრელიშვილმა დააზუსტა: „წარმოიდგინეთ ლესბოსელს და რომ გარდაეცვალოს, მას დისშვილის აღზრდის უფლებას ჩამოართმევთ? ასეთი ქვეყანა გვინდა, რომ ადამიანს სექსუალური ორიენტაციის გამო მშობლობის უფლებას ვართმევთ?“

პაპუაშვილმა სექსუალური ორიენტაცია ალკოჰოლიზმს შეადარა და განაცხადა: „ბავშვის უფლება არის აქ უპირატესი… დღესაც, რატომ ართმევთ ვიღაცას ვისაც ალკოჰოლიზმისკენ აქვს მიდრეკილება, აღზარდოს ბავშვი?! აქ უპირველესი არის ბავშვის უფლება, რომ ის უპირველეს ყოვლისა აღიზარდოს ოჯახურ გარემოში“.

„გირჩის“ წევრმა ჰერმან საბომ მომხსენებელს ჰკითხა, რატომ შეიტანეს კანონპროექტში ინცესტის საკითხი. იონათამიშვილმა უპასუხა, რომ ეს პრევენციის მიზნით გააკეთეს. რაც შეეხება ლგბტ სექსისა და ინცესტის ამსახველი კადრების ტელეეთერში ჩვენების აკრძალვას, მომხსენებელმა თქვა, რომ მისი იმპლემენტაციის საკითხი მეორე მოსმენის დროს დაზუსტდება.

26 ივნისის სხდომაზე, კენჭისყრის წინ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის არყოფნა გააპროტესტა და კენჭისყრის 27 ივნისისთვის გადადება მოითხოვა. მას მიაჩნია, რომ ყველასთვის ცხადი უნდა გახდეს, ოპოზიცია დაუჭერს თუ არა მხარს კანონპროექტებს.

საპარლამენტო უმრავლესობა ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონპროექტთა პაკეტის მეორე და მესამე მოსმენით მიღებას კი საშემოდგომო სესიაზე გეგმავს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG