რუსეთი მზადაა, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით სვლისკენ და მხარს დაუჭერს ამ მიმართულებით თბილისის ნებისმიერ წამოწყებას, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა ბრიფინგზე.
„ჩვენ განვაგრძობთ იმის მიჩნევას, რომ ეს ჩვენი ხალხების ინტერესებს შეესაბამება... მხარს ვუჭერთ ნებისმიერ წამოწყებას, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების ინტერესებს ემსახურება. ამ კონტექსტში მივესალმებით ხსენებულ ინიციატივას, ჩვენ მზად ვართ ამ გზით სვლისთვის“, - განაცხადა ხაზაროვამ ბრიფინგზე.
მანამდე, დაახლოებით ორი კვირის წინ, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ რუსული უწყება გაანალიზებს ქართული პარტიის, „სოლიდარობა მშვიდობის სახელით“, მიმართვას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისადმი, ქვეყნებს შორის სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმებისა და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის თხოვნით.
11 ივნისს ქართულმა ოპოზიციურმა ტელეკომპანია "მთავარმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველო და რუსეთი შესაძლოა მუშაობდნენ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სააგენტო РИА Новости-ს უპასუხა, რომ "ვერ ხედავს აზრს, კომენტარი გააკეთოს ოპოზიციური რესურსების მიერ ტირაჟირებულ მიზანმიმართულად გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე“.
რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობაზე ადრე გაკეთებული კომენტარების მიხედვით, პარტია "ქართული ოცნება" ამ საკითხს არ განიხილავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სრულ დეოკუპაციამდე.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის ომისა და მოსკოვის მიერ დე ფაქტო რესპუბლიკების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის, დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.
ფორუმი