ფეისბუკში სოფელ ზოდის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ამ ძალადობას „ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ დაგეგმილ აქციას უკავშირებენ.
„რთული გამოსაცნობი არაა ვისი ორგანიზებულია ეს ძალადობა, სასწრაფოდ ვითხოვთ გამოძიებულ იქნას ეს ფაქტი და დააკავონ მოძალადეები“, - წერია ზოდის ჯგუფში.
იმავეს ამბობს „ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორი, კოტე აბდუშელიშვილი. მისი მონაყოლის მიხედვით, ნიკო გაფრინდაშვილს თავს დაესხა რამდენიმე ადამიანი თბილისში, კორპუსის სადარბაზოში, სადაც ის ცხოვრობს. ახალგაზრდა კაცს ფიზიკური დაზიანებები აქვს, დაუდგინდა ტვინის შერყევაც.
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მსგავს ფაქტები სახელმწიფომ ეფექტიანად უნდა გამოიძიოს:
„ჩვენ ამ საკითხზე, ყველა შემთხვევაზე ვახდენთ რეაგირებას, შესაბამის უწყებასთან ვართ კომუნიკაციაში და ველოდებით გამოძიების შედეგებს“.
„ჯორჯიან მანგანეზის“ შეფასებით, ეს არის კომპანიის მიმართ პროვოკაცია.
„კომპანია კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას და გმობს ძალადობას. „ჯორჯიან მანგანეზი“ მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და გაასაჯაროოს მისი შედეგი, საჭიროების შემთხვევაში კი მოითხოვს გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას და საჯაროდ ბოდიშის მოხდას“, - უთხრეს კომპანიაში რადიო თავისუფლებას.
ჯგუფური ძალადობის კვალიფიკაციით გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ - სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით. ჯგუფური ძალადობა ორ წლამდე პატიმრობით ისჯება.
კოტე აბდუშელიშვილის თქმით, ამ ძალადობის მიუხედავად, მათი გეგმები არ იცვლება და 30 ივნისს კვლავ შეიკრიბებიან სოფელ ზოდში.
ფორუმი