Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
უკრაინამ დაადასტურა შეტევა რუსეთის სამხედრო ობიექტებსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე

უკრაინამ დაადასტურა შეტევა რუსეთის სამხედრო ობიექტებსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა რუსეთის სხვადასხვა ოლქში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და სამხედრო ობიექტებზე.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, დღეს, 21 ივნისს თავდაცვის ძალებმა დრონებით შეუტიეს აფიპსკის, ილსკის, კრასნოდარის და ასტრახანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ბრიანსკის ოლქსა და დროებით ოკუპირებულ ყირიმში მდებარე რადიოლოკაციურ სადგურებს და რადიოელექტრონული დაზვერვის ცენტრებს. ამ ოპერაციის შედეგები დაზუსტების ეტაპზეა.

უკრაინის გენშტაბის ცნობითვე, დღეს კრასნოდარის მხარეში წარმატებით დაარტყეს საოკუპაციო ძალების უპილოტო საფრენი აპარატების საცავებს, მართვის პუნქტებს და სასწავლო კორპუსებს.

გენერალური შტაბის თანახმად, ერთი დღით ადრე, 20 ივნისს, უკრაინის შეიარაღებული ძალების და უსაფრთხოების სამსახურის ქვედანაყოფებმა დრონებით შეუტიეს რუსეთის ტამბოვის ოლქში მდებარე საწვავი მასალების საწყობს, რომელიც განადგურებულია, ხოლო ადიღეს რესპუბლიკაში ნავთობის ბაზას, სადაც, სულ მცირე, ხუთ აფეთქებას ხანძარი მოჰყვა.

რუსეთის კრასნოდარის მხარის ხელისუფლებამ დილით განაცხადა, რომ უკრაინამ რეგიონზე მიიტანა მასირებული შეტევა უპილოტო საფრენი აპარატებით. ოპერატიული შტაბის თანახმად, ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში დაშავდა ორი თანამშრომელი, დაზიანებულია ადმინისტრაციული შენობები და სამეურნეო ნაგებობები.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ დრონებით შეტევა იყო დაბა აფიპსკიზეც და ქალაქ კრასნოდარზე, სადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.

დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ხმელეთზე შედეგების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის საშუალებებით კრასნოდარის მხარის თავზე გაანადგურეს 43 დრონი, ხოლო ყირიმში - 70.

ფორუმი

XS
SM
MD
LG