საყოველთაო-სახალხო განხილვების საორგანიზაციო კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ, 20 ივნისს, პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ლგბტ პირთა უფლებების შემზღუდავი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით გატანას კენჭისყრაზე.
პროექტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს უნდა დაემატოს მე-3 პუნქტი: „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.
პროცედურულად, სწორედ ამ შესწორების დამტკიცების შემდეგ იქნება შესაძლებელი ახალი კონსტიტუციური კანონის მიღება, რომლის ინიციატორიც ასევე საპარლამენტო უმრავლესობის 83 წევრია.
კონსტიტუციური კანონის პროექტი ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვების, „დედა - ქალია, მამა კი - კაცი“ [2023 წლის 4 მაისს პარლამენტში წარმოთქმული სიტყვიდან] სახელმწიფოს უზენაეს კანონში ირიბად ასახვასაც ითვალისწინებს. პროექტში ეს ფრაზა ასეთი ფორმულირებით მოხვდა: „ბათილია საჯარო ხელისუფლების ან კერძო პირის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებას პირდაპირი ან ირიბი ფორმით ზღუდავს“ [კონსტიტუციური კანონის პროექტი, მუხლი 1, პუნქტი 5].
იმის გამო, რომ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს, ის გეგმავს 10 ივნისს ინიციირებული კიდევ ერთი ჰომოფობიური კანონპროექტების პაკეტის, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ მიღებას, რომელიც დამატებით 18 მოქმედ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს. ის, მათ შორის, გულისხმობს ცვლილებას „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში. უფრო კონკრეტულად კი - ცვლილებას კანონის მეცხრე მუხლში.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ამ მუხლით შესაძლოა დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ის ეხება, მაგალითად, ცილისწამებას, პირისპირ შეურაცხყოფას, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებას, უხამსობას და ა.შ.
ცვლილებების შემდეგ - დაუშვებელი ხდება „საჯაროდ ისეთი შეკრება ან/და მანიფესტაციის ჩატარება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ“.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, მაუწყებლები ვალდებული იქნებიან, არ გაავრცელონ ისეთი რეკლამა და ინფორმაცია, რომლებიც მიმართულია ლგბტ „ურთიერთობებისა და ინცესტის პოპულარიზაციისკენ“.
როდესაც საქმე ეხება ტელეეთერში ფილმის ჩვენებას, ლგბტ სექსისა და ინცესტის ამსახველი კადრების ეთერში გაშვება იკრძალება.
საკონსტიტუციო ცვლილებების გარდა, მომხსენებელმა რატი იონათამიშვილმა წარადგინა სწორედ ეს დოკუმენტი, რომელიც ოჯახური ღირებულებების დაცვის სახელით უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას ითვალისწინებს. განხილვას ოპოზიციის დიდი ნაწილი ბოიკოტის გამო არ დასწრებია.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა თქვა, რომ საზოგადოებასთან შეხვედრის გარდა, დაგეგმილი ცვლილებების შესახებ შეხვედრა გაიმართა რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან და როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მათი უმეტესობა ცვლილებებს ემხრობა.
„ამ იდეას, საკანონმდებლო პაკეტს, რეგულაციას მხარი დაუჭირა ისლამის (რომელიც სიდიდით მეორე მიმდინარეობაა საქართველოში რაოდენობის მხრივ) ორივე მიმდინარეობამ. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც სუნიტი, ისე შიიტი სასულიერო მოღვაწეები. მხარი დაუჭირა სომხეთის სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენელმა. ცალსახად დააფიქსირა, რომ ის მხარს უჭერს. ასევე, ზოროასტრიზმის მიმდევრებიც იყვნენ ამ რელიგიური საბჭოდან და მათაც ცალსახად დააფიქსირეს [პოზიცია]. იუდეველებმაც, კათოლიკე ეკლესიას ცოტა სპეციფიკური დამოკიდებულება ჰქონდა, ზოგადად კი, რა თქმა უნდა, ის იზიარებდა, რომ ქალი - ქალია და კაცი - კაცია, ასევე ქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხებს. აღარ მოვყვები, თვითონ რომის პაპს ამაზე სპეციალური დოკუმენტი აქვს გამოცემული და ის, რა თქმა უნდა, იმ ძირითად ხაზს ატარებდა. საქართველოში მოღვაწე სასულიერო მიმდინარეობების უმეტესობა... ერთი გამონაკლისი ვთქვი, ისიც მხარს უჭერს, მაგრამ თავისი სპეციფიკური განმარტებებით, მეტ განმარტებებს მოითხოვს, რომ ეს არ გადაიზარდოს ჰომოფობიაში. ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ჰომოფობიასთან არავითარ კავშირში არ იყოს“, - განმარტა თენგიზ შარმანაშვილმა.
იურიდიული კომიტეტის გარდა, კანონპროექტს მხარი დაუჭირეს ადამიანის უფლებათა დაცვის, განათლების, დარგობრივი ეკონომიკისა და ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.
საკონსტიტუციო ცვლილებისგან განსხვავებით, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიღებას „ქართული ოცნება“ მომავალ კვირაში გეგმავს. მეორე და მესამე მოსმენით კი დოკუმენტს საშემოდგომო სესიაზე განიხილავენ.
„განხილვები გადავა სექტემბერში, დიდი ალბათობით, დაველოდებით ვეტოს „იმიტომ“ და ამის შემდეგ იქნება ამ ვეტოს დაძლევის პროცედურა“, - პარლამენტის დაამატა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.
ფორუმი