სამხრეთი კორეა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხს განიხილავს რუსეთსა და კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობისა და თავდაცვის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ქვეყნის მრჩეველმა ჩან ჰო-ჯინმა, იუწყება სააგენტო Yonhap-ი.
„მთავრობა სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს და გმობს შეთანხმების ხელმოწერას“, - თქვა ჩანმა. მისი თქმით, ნებისმიერი თანამშრომლობა, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად უწყობს ხელს ჩრდილოეთ კორეის სამხედრო გაძლიერებას, არის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დარღვევა.
სამხრეთი კორეა მსოფლიოში იარაღის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია. თუმცა სეული უკრაინას იარაღს არ აწვდის. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ იგი აფასებს ამას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში. მსოფლიოს არაერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამხრეთ კორეის ჭურვები შეიძლება მიეწოდოს შეერთებულ შტატებს, რათა ვაშინგტონმა, თავის მხრივ, ჭურვები უკრაინაში გაგზავნოს.
Yonhap-ის ანონიმმა თანამოსაუბრემ, რომელიც სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისში მუშაობს, სააგენტოს არ დაუდასტურა მიწოდების საკითხის განხილვა, თუმცა არც უარყო ის. მისი თქმით, სეული ამ საკითხზე ღია კომენტარს ჯერ არ გააკეთებს. „კონკრეტული ზომები მოგვიანებით გახდება ცნობილი, ჩვენ არ გვინდა წინასწარ გავამჟღავნოთ გეგმები და დაინტერესებული ვართ რუსეთის რეაქციით“, - განუცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს.
თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა. შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი მხარეებს აძლევს ერთმანეთის სამხედრო დახმარების გარანტიას მესამე ქვეყნის შეჭრის შემთხვევაში.
სამხრეთი და ჩრდილოეთი კორეა, რომლებიც 1948 წლამდე ერთი ქვეყანა იყო, ოფიციალურად საომარ მდგომარეობაში იმყოფებიან 1950 წლიდან. 1953 წელს, აქტიური საომარი მოქმედებების შემდეგ, რამაც გამოიწვია ასობით ათასი ადამიანის სიკვდილი, ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო ხელშეკრულებას.
ფორუმი