კომპანია Ukrferry უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ბათუმის მიმართულებით საბორნე მიმოსვლას აღადგენს. საბორნე მიმოსვლა ამ მარშრუტზე უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შეჩერდა.
როგორც LIGA.net-ი კომპანია Ukrferry-ის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით იუწყება, წელს პირველი რეისი ჩერნომორსკიდან ბათუმში 12 ივლისს შესრულდება, მარშრუტის გავლას კი დაახლოებით 60 საათი დასჭირდება.
Ukrferry-ის ვებსაიტის თანახმად, მარშრუტზე რეისს შეასრულებს 1987 წელს გერმანიაში აგებული საავტომობილო/ სარკინიგზო/ სამგზავრო ბორანი Kaunas-ი. ის Lloyd-ის საკლასიფიკაციო ზედამხედველობის ქვეშაა.
ბორანზე სხვადასხვა ტიპის კაიუტებში 250 მგზავრის ადგილია. ბორნის სიგრძე 190 მეტრი, ხოლო სიგანე 28 მეტრია. მის ორ სატვირთო გემბანზე ერთდროულად შესაძლებელია 49 უნივერსალური სარკინიგზო ვაგონისა და 50 სატვირთო ავტომობილის განთავსება.
უკრაინა ამჟამად აზერბაიჯანიდან უკრაინაში საბორნე მიმოსვლის აღდგენის შესახებ მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზეა.
უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით რადიო თავისუფლება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების თანახმად, ამ თემაზე "არავისგან არანაირი შეტყობინება არ მიუღიათ".
ფორუმი