Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგაზრდობის წარმომადგენლის შესარჩევი კონკურსის ევოლუცია


ავტორი: ესმა გუმბერიძე

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის შესარჩევი კონკურსი თანდათან უფრო და უფრო გაუმჭვირვალედ და ნაჩქარევად ტარდება. მე 2015 წლიდან გავდიოდი მასზე. თავიდან შერჩევის ეტაპებს შორის რამდენიმეკვირიან დროს გვაძლევდნენ უკეთ მოსამზადებლად. შერჩევის ყოველ ეტაპზე მონაწილეებს ცხრილავდნენ, ისე რომ საჯარო გამოსვლაზე 9-11 ადამიანზე მეტი არ იყო. სიტყვით გამოსვლა საჯაროდ ტარდებოდა. გარეშე პირების მოყვანაც შეგეძლო. აქეთ გირჩევდნენ კიდეც, მხარდამჭერებთან ერთად მისულიყავი. გამოსვლები ვიდეოზე იწერებოდა. გასაუბრებებიც.

4 წელი ვმონაწილეობდი, სანამ ამარჩევდნენ. თავიდან რომ გამოვითხოვე, ყველა მონაწილის საჯარო გამოსვლის ვიდეოები და ყველა ეტაპის შეფასების ქულები გადმომცეს. ეს ძალიან დამეხმარა უკეთ მომზადებაში. ზოგის გამოსვლა ხომ მახსოვდა. რომ ვნახე, როგორ შეფასდნენ ჩემთან შედარებით, მივხვდი, რა უნდა და არ უნდა მეკეთებინა შემდეგ ჯერზე. მერე სხვათა საჯარო გამოსვლების ვიდეოები და შეფასებები აღარ გადმომცეს, პერსონალური მონაცემებიაო. მხოლოდ ჩემ შესახებ მაწვდიდნენ ინფორმაციას. 2019-ში, როცა ამარჩიეს, საჯარო გამოსვლის ნაწილი პირდაპირ გასაუბრებებს მიაყოლეს. თუმცა გასაუბრებები დახურული იყო, ინდივიდუალურად თითო კანდიდატთან, საჯარო გამოსვლა კი - კვლავ მართლა საჯარო.

გასაუბრებაზე კომისიის წევრები თავს წარადგენდნენ, რომ გცოდნოდა, ვინ გისვამს კითხვებს. ჩემ შემდეგ რომ უნდა აგვერჩია წარმომადგენელი, 2021 წელს ჯერ კიდევ პანდემიური სიტუაცია დაგვემთხვა. გასაუბრებები და საჯარო გამოსვლის ეტაპი მაინც ცალ-ცალკე ჩავატარეთ, დროის შუალედიც კვლავ მიეცათ კონკურსანტებს მოსამზადებლად, თუმცა საჯარო გამოსვლას მხოლოდ მონაწილეები ესწრებოდნენ. ანუ ერთმანეთის მოსმენა შეეძლოთ. ბოლო 2 წელი კი საჯარო გამოსვლის ტექსტს მონაწილეებს პირდაპირ გასაუბრებაზე აყოლებენ ისე, რომ არც სხვა მონაწილეები, პოტენციური კონკურენტები და არც გარე აუდიტორია არ უსმენენ. გასაუბრებებიც აღარ იწერება, როგორც გავიგე, მტკიცებულებისთვისაც კი. თორემ კომისიის წევრებს გააფრთხილებდნენ.

წელს, როგორც გავიგე, კონკურსანტებს კომისიის წევრები არც კი გაეცნენ. ზოგი ისე შევიდა და გავიდა, რომ არ იცოდნენ, ვის ელაპარაკნენ. ადრე რომ იცხრილებოდნენ კანდიდატები კონკურსის ბოლო ტურამდე, წელს ყველას, ვისაც რაღაცა მაინც ეწერა, გასაუბრება ჩაუტარეს. შედეგად თითო ადამიანზე, სერიოზულზეც და არასერიოზულზეც, 10 წთ-ზე მეტი არ ჰქონდათ. ზოგი ძალიან მარტივ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა, მაგ. ესე ან სამოქმედო გეგმა ხელოვნური ინტელექტით ჰქონდა დაწერილი, ანუ პლაგიატი ჩაიდინეს.

ამ ხალხზე დრო დაიკარგა, მაშინ როცა რეალური კანდიდატის შესამოწმებლად 10 წუთი საკმარისი არაა. კი მინდა, რომ შერჩევის ხარისხზე ეს ყოველივე არ აისახოს, მაგრამ ვინმეს გჯერათ, რომ ცუდი და კარგი პროცესი ერთნაირ შედეგს გამოიღებს? ან კარგი კანდიდატი თუ უნდა, აირჩიონ, რა საჭიროა ეს დახურულობა? ეჩქარებათ და ვერ ასწრებენ? კი მაგრამ პროგრამა 10 წელზე მეტია, არსებობს. ხომ უნდა იცოდნენ უკვე, როდის დაიწყონ განაცხადების მიღება, როდის - დაასრულონ, რომ მოასწრონ? არ იციან? კადრები იცვლება საჯარო უწყებაში ხშირად და ინფორმაცია/ინსტიტუციური მეხსიერება იკარგება? ყოფილი ახალგაზრდობის წარმომადგენლები რისთვის ვართ? ეკითხათ!

აქეთ ჩვენ ვწერდით და ვკითხულობდით, როდის გამოცხადდება კონკურსი, როდის გადაიყვანენ მონაწილეებს შემდეგ ეტაპზე და მისთ. ბინდისფერია მართლა სოფელი და უფრო და უფრო ბინდდება.

ფორუმი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG