ავტორი: სანდრო კინწურაშვილი
ჩავაბარე თუ არა უნივერსიტეტში, შინაგანი პროტესტის გამო, სწავლის ხარისხი მალევე დავაგდე, რადგან არ მომწონდა იქ არსებული სიტუაცია. ვერავინ ხვდებოდა, თუ რატომ მქონდა პროტესტი ლექტორების მიმართ. მართალია, მათი ლექციები ინფორმირებულობის თვალსაზრისით კარგი იყო, თუმცა, თითქმის, ყველა მათგანში, ჩამკვდარი იყო იმ შემეცნების ხერხი, რომლითაც ცოდნის კულტივირებას მოახდენდნენ. ნაცვლად ამისა, ისინი თუთიყუშებივით იმეორებდნენ იმას, რაც ისედაც ეწერათ წლების წინ გამოცემულ წიგნებში, ხოლო ახალს არაფერს ქმნიდნენ, თითქოს თივის ზვინში ნემსის პოვნით სრულდებოდეს საქმე. მათი აზროვნება კრისტალიზებული იყო, რაც მე ძალიან არ მომწონდა, რადგან მათი ასეთი სტაგნაცია ფასს უკარგავდა იმ ლექციებს, რომლებსაც კვირიდან კვირამდე ატარებდნენ. ჩემი აზრით, უმჯობესი იქნებოდა, რომ ნაკლები ცოდნა ჰქონოდათ და ახლის შეცნობის მუდმივი სურვილი, ვიდრე შეუცნობლობის შეცნობის სურვილის გაქრობა გარკვეული ცოდნის მიღების შემდეგ.
მე მსგავსი სახის, შემეცნების სურვილის დაკარგულ ადამიანებს, გაქურდულებს ვუწოდებდი. გაქურდვის მიზეზი კი ის იყო, რომ მათ დაკარგეს ის ცხოვრებისეული ინტერესი, რომელსაც ეს ადამიანები გაქურდვის საფრთხისგან უნდა ეხსნა. ამის შედეგად, ვერც ახალს იმეცნებდნენ და ნელ-ნელა ისიც კი ავიწყდებოდათ, რაც იცოდნენ.
ორმაგად სამწუხარო აღმოჩნდა ის, რომ გაქურდული აღმოჩნდა კურსელთა ნაწილიც. ისინი არ მოქმედებდნენ ცხოვრების წინააღმდეგ, რის გამოც დაბადება-სიკვდილის ციკლში მუდმივად მოძრაობდნენ. მათი მდგომარეობა ჩემს სახლში არსებულ იმ მცენარეებს მაგონებდა, რომლებსაც მავნე მწერები სპობდნენ. ამ მცენარეების საშველი მხოლოდ მაშინ იყო, როცა მამა მცენარეებს ინსტექციდს უსხამდა. სამწუხაროდ, გაქურდულებად წოდებული ადამიანების შემთხვევაში არ არსებობდა არანაირი ინსტექციდი ან პრეპარატი, რომელსაც შეიძენდნენ და გამოიყენებდნენ. ყველას გვქონდა ერთი და იგივე მოცემულობა, საწყისი ინტერესთა მიმართებაში, რომელსაც თავად განვავრცობდით ან ვერ განვავრცობდით, პასუხისმგებლები კი თავად ჩვენ ვიყავით.
ფილოლოგიის ფაკულტეტზე, მიუხედავად ყველაფრისა, სასწავლო პროცესის დროს ვაქტიურობდი, რადგან დამაკმაყოფილებელი ქულების ხარჯზე სწავლის პროცესი წარმატებით გამეგრძელებინა. ნელ-ნელა, მხოლოდ დამაკმაყოფილებელი ქულების ორიენტირების სწავლის გამო, ისე მოვხვდი კომფორტის ზონაში, რომ გაუცნობიერებლად, დავშორდი იმ ჩემს თავდაპირველ მიზანს, რომლის გამოც უნივერსიტეტში ჩავაბარე. ცხადია, ამის გამო სწავლის პროცესი საბოლოოდ არასასიამოვნო გახდა და მიზნის გარეშე ისევე ვიყავი, როგორც ადიდებულ ოკეანეში გემი აფრების გარეშე.
სწორედ ასე გადიოდა თვეები: მივდიოდი ლექტორებთან, რომლებთან საუბარიც ისე ჩამესმოდა, როგორც დილას მანქანების გამაყრუებელი ხმაური, რომელიც ძილს გირღვევს. თანაარსებობა მიწევდა კურსელებთან, რომლებთანაც ყოფნა ისევე არ მსიამოვნებდა, როგორც ბავშვობაში გაჭვარტლულ კოცონთან ჯდომა, რომლის კვამლი არასასიამოვნო სურნელს მიტოვებდა, თვალებს მწვავდა და ხედვას მიხშობდა. ვსწავლობდი იმ საგნებს, რომელთა დანიშნულებასაც ვეღარ ვხედავდი. თუმცა, დროთა განმავლობაში, მწვავე ცხოვრებისეულმა ტკივილებმა გამოფხიზლებისკენ მიბიძგა და მივხვდი, რომ მეც იმათ დავემსგავსე, ვისაც ადრე ვაკრიტიკებდი. გავხდი რიგითი მოქალაქე, ჭანჭიკი სისტემისა, რომელიც მარტივად მართავს მასას. ერთ დღესაც, გავაცნობიერე, რომ ვცხოვრობ ავტორიტარულ ქვეყანაში, რადგან იმ დროს, როდესაც ხელისუფლების უზურპაცია ხდებოდა, მე და ჩემნაირები ცხოვრებას გვერდიდან ვუყურებდით, თითქოს, ჩვენ არ გვეხებოდა. ქვეყანაში პოლიტიკური ტირანიის მიზეზი გახდა დაკრისტალიზებული, გაძარცვული ფასეულობების მქონე ის ხალხი, რომელიც თავის მნიშვნელობას ვერ აღიქვამს და ისეთ სამარცხვინო გარიგებაში შედის ხელისუფლებასთან, როგორც ნებაყოფლობითი სურვილის მქონე მონა.
ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ შეიძლება ყურადღების მოდუნება. ალბათ, სწორედ ამაზე ამბობდა ილია ჭავჭავაძე, რომ "თუ წუთისოფელს ერთი ბეწო ხანს თვალი მოუხუჭე, ისე გაგთელავს, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსა…". ალბათ, სწორედ ამის გამო იყო, მარიო ვარგას ლიოსას ანსელმოიანი რომანში მარშალი ბენტანკურის კარგი დასაწყისი, მაგრამ ცუდი დასასრული... მეც სწორედ ის ადამიანი აღმოვჩნდი, რომელიც ცხოვრებაში დეგრადირების გზაზე იდგა, მაგრამ მივხვდი, რომ მე ათასეულში ერთი ვარ, მაგრამ ზუსტად ეს ათასეულები ჩემნაირი ერთეული ადამიანებისგან შედგება და როგორც ერთი უჯრედის დაავადება ვნებს მთელს ორგანიზმს, შესაძლოა, მეც ასეთივე მავნებელი გავმხდარიყავი სამოქალაქო თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ, დავავლე ხელი საქართველოს დროშას, ავიღე აირწინაღი, ზღვის სათვალეები და გავემართე აქციაზე, სადაც დღეს ჩემი ქვეყნის ბედი წყდებოდა და მომავლის საკითხი იდგა. გზად როცა მივდიოდი, ჩემი მეზობელი ქეთო გამოვიდა, მიხვდა სადაც მივდიოდი და სიცილით მითხრა: „რა იყო შვილო, იმედი გაქვს, მაგით რამეს იზამ?! მეც ეგრე დავდიოდი აქციებზე, მაგრამ შედეგი რა?!“ წამით, ამ რიტორიკულმა კითხვებმა მეც ჩამაფიქრა, რადგან უკვე ათწლეულებია აქციები იმართება და იდგა კი ის შედეგი, რაც გვსურდა? შეიძლება, ბოლომდე არა, რადგან უკეთესზე უკეთესი არ დაილევა, თუმცა ბრძოლა გრძელდება და ვიცი, რომ სხვა თუ არაფერი, ჩემგან თელილი გზა სხვას მაინც გაუმარტივებს სიარულს. ამიტომ, თავი ამაყად ავწიე და წავიდე აქციაზე, სადაც საქართველოს ბედი წყდებოდა. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
ფორუმი