Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძის ლექციის პარალელურად თსუ-სთან აქცია მიმდინარეობს


აქცია იმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან, სადაც ირაკლი კობახიძის ლექცია მიმდინარეობს
აქცია იმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან, სადაც ირაკლი კობახიძის ლექცია მიმდინარეობს

აქცია იმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსთან, სადაც პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ლექციის ჩასატარებლად მივიდა. აქციის მონაწილეები ვარაუდობენ, რომ კობახიძემ შენობის გვერდითა შესასვლელით ისარგებლა.

„მონა“, „წადი“, „მოღალატე“ - ისმოდა შეძახილები აქციაზე, სადაც მცირე ხმაური მოჰყვა ახალგაზრდა კაცის დაპირისპირებას აქციის მონაწილეებთან, რომლებსაც ის „აგენტების კანონის“ წაკითხვისკენ მოუწოდებდა. ახალგაზრდა კაცი პოლიციამ ადგილიდან განარიდა.

„რუსი კობახიძე შეიპარა ლექციაზე უკნიდან, პოლიციის კორდონის მოუხედავად, მისი ზონდერების აქ მობილიზების მიუხედავად. ის არის ვირთხა, რომელიც ვირთხულად შევიდა უნივერსიტეტში ლექციის ჩასატარებლად... ცოტა ხანი დავისვენოთ და გამოსვლისას მას, რა თქმა უნდა, უნდა დავხვდეთ და გავაგონოთ მას ჩვენი მკაფიო პოზიცია, რომ ის არის რუსი და საქართველოს ვერცერთ ქალაქში, ვერცერთ უბანში ვერ ივლის თავისუფლად. მას ყოველთვის დახვდება თავისუფალი მოქალაქეების პროტესტი და შეხვდება თავისუფალი მოქალაქეების წინააღმდეგობა“, - მიმართა აქციის მონაწილეებს ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ბექა პაპაშვილმა.

თსუ-სთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

"დახვდი კობახიძეს" - აქციები თითქმის ყოველ შაბათს იმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან, სადაც ირაკლი კობახიძის შაბათის ლექციები ტარდება. ამ აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორს, აქტივისტ ნიკო მანაგაძეს, 7 ივნისს, ჯერჯერობით დაუდგენელი პირები დაესხნენ თავს და სცემეს.

ნაცემი და დასისხლიანებული სტუდენტის ვიდეოს თსუ-ს ლექტორმა, მაგდა მემანიშვილი ფეისბუკზე 7 ივნისს გაავრცელა. ვიდეოში ნიკო მანაგაძე ამბობს, რომ მინიმუმ ორი ადამიანი დაესხა თავს ზურგიდან, თუმცა არ დაუნახავს - მუშტებს ურტყამდნენ თუ სხვა რაიმე საგნებს.

"თსუ- პირველი კორპუსის ეზოდან ლექციიდან გამოვდიოდი, ზებრასთან ვიდექი, უკვე გზაზე გადმოვდიოდი და უკნიდან ვიგრძენი. შემდეგ მეც შევუბრუნე ხელი, ვცდილობდი თავდაცვას. შემდეგ მოვიდა მეორე, მესამე, მეოთხე, ალყაში ვიყავი, აღარც მახსოვს... სახეზეც არ მახსოვს ეგ ხალხი იმიტომ, რომ როგორც კი მივბრუნდი, მაშინვე სახის მიმართულებით, გამიზნულად, პირდაპირ თავში მოდიოდა...", - ჰყვება ნიკო მანაგაძე, რომელსაც კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა და 8 ივნისს აქციაზე არ იმყოფებოდა.

ირაკლი კობახიძის ლექციებთან დაკავშირებული აქციების ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ ხშირია ძალადობა ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფების მხრიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG