Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი იმუქრება. რატომ აშინებს რუსეთს დასავლეთის ახალი გადაწყვეტილება?


უკრაინის თავადაცვის ძალების მიერ ბელგოროდის ჩრდილოეთით 18 კილომეტრის მანძილზე მდებარე, С-300/400 სარაკეტო კომპლექსზე რეაქტიული სისტემა HIMARS-იდან განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგი
უკრაინის თავადაცვის ძალების მიერ ბელგოროდის ჩრდილოეთით 18 კილომეტრის მანძილზე მდებარე, С-300/400 სარაკეტო კომპლექსზე რეაქტიული სისტემა HIMARS-იდან განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგი

„ფატალური შედეგები“ შეიძლება მოჰყვეს კიევისათვის რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების წინააღმდეგ ამერიკული იარაღის გამოყენებას", - განაცხადა 3 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა.

"მინდა გავაფრთხილო ამერიკელი მოღვაწეები მათ არასწორ გათვლებზე, რომლებსაც შეიძლება ფატალური შედეგები მოჰყვეს. გაურკვეველი მიზეზების გამო, ისინი სათანადოდ არ აფასებენ იმ წინააღმდეგობას, რომელიც შეიძლება მიიღონ“, - თქვა რიაბკოვმა.

რუსი დიპლომატის ეს გაფრთხილება მოჰყვა გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, რომ გასული კვირის ბოლოს, რუსეთის ბელგოროდის ოლქში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები С-300/400 განადგურდა ამერიკული ზალპური ცეცხლის რეაქტიულ დანადგარ М142 HIMARS-იდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტებით.

3 ივნისს ტელეგრამის არხ „ჯაშუშის დოსიეში“ გამოქვეყნებულ პოსტს ახლავს ვიდეოც, რომელზეც ჩანს ერთი დამწვარი და რამდენიმე დაზიანებული რუსული სისტემა.

უკრაინის მხარეს ამ იერიშზე კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ სამხედრო მიმომხილველებმა და ბლოგერებმა ბელგოროდის ინციდენტს ამერიკული რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული პირველი იერიში უწოდეს.

იერიში ბელგოროდზე. რა არის ცნობილი?

ამერიკული Forbes-ის თანახმად, 31 მაისის ღამეს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა პირველად გამოიყენეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა HIMARS-ი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნის წინააღმდეგ. და ეს მოხდა, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც აშშ-მა კიევს უკრაინის საზღვრის მახლობლად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ამერიკული იარაღით რუსეთის ფედერაციის სამხედრო ობიექტების განადგურების ნებართვა მისცა.

Forbes-ის შეფასებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამიზნე ბელგოროდი და მის ახლომდებარე ის ქალაქებია, რომლებსაც რუსეთის ფედერაციის ძალების დაჯგუფება „ჩრდილოეთი“ ხარკოვის ოლქზე 10 მაისის შემდეგ დაწყებული სახმელეთო ოპერაციის სარაკეტო და საავიაციო მხარდაჭერისათვის იყენებს. სხვაგვარად თუ ვიტყვით, სწორედ ბელგოროდსა და მის გარშემოა განლაგებული ზემოხსენებული დაჯგუფების ძირითადი შეტევითი პოტენციალის უმთავრესი ელემენტები - ავიაცია და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები.

ამასთან, ვაშინგტონის ნებართვა ვრცელდება მხოლოდ ხარკოვის რეგიონის მომიჯნავე რუსულ ტერიტორიებზე, საიდანაც ბოლო კვირების განმავლობაში რუსულმა ჯარებმა გადაკვეთეს უკრაინის საზღვარი და რამდენიმე უკრაინული პატარა სოფელი და დასახლებული პუნქტი დაიკავეს.
ვაშინგტონი კვლავ არ უჭერს მხარს რუსეთის სიღრმეში (საუბარია საერთაშორისოდ აღიარებულ რუსეთის ტერიტორიაზე - რ. თ.) არსებულ სამხედრო ობიექტებზე ATACMS-ის რაკეტების გამოყენებას.

2023 წელს აშშ-მ უკრაინაში 20-მდე ATACAMS-ის რაკეტა გაგზავნა
2023 წელს აშშ-მ უკრაინაში 20-მდე ATACAMS-ის რაკეტა გაგზავნა

სხვადასხვა წყაროს ცნობით, 31 მაისს რუსეთის არმიის სავარაუდო სამიზნე, უკრაინის არმიისთვის გადაცემული ამერიკული ზალპური ცეცხლის რეაქტიულ დანადგარ М142 HIMARS-იდან გაშვებული მოკლე სიშორის ბალისტიკური რაკეტებით განადგურდა.

უცნობია, თუ რომელი სახეობის რაკეტა გამოიყენა რეაქტიული სისტემის საბრძოლო გათვლამ, რადგან უკრაინას აქვს როგორც შორ მანძილზე მოქმედი ტაქტიკური ATACAMS-ები, ისე 277-მილიმეტრიანი მართვადი რეაქტიული GMLRS-ები და MLRS-ები. რაკეტების ბოლო ორ სახეობას, შესაბამისად, 45 და 75 კილომეტრამდე შეუძლია სამიზნის განადგურება, მაშინ როცა ATACAMS-ს 300 კილომეტრამდე შეუძლია გაანადგუროს მოწინააღმდეგის შტაბები და მართვის პუნქტები.

აღსანიშნავია, რომ უკრაინამ ATACAMS-ი შარშან ოქტომბერში გამოიყენა, უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ბერდიანსკში, მოწინააღმდეგის სამიზნის გასანადგურებლად.

ATACAMS-ის რაკეტები, ეს არის არმიული ტაქტიკური, სარაკეტო სისტემა (Army Tactical Missile System), რომელიც აშშ-ის მიერ ბრძოლის ველზე კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად - სამეთაურო პუნქტების და მოწინააღმდეგის იმ აეროდრომების გასანადგურებლად გამოიყენება, რომლებზეც განლაგებულია როგორც ტაქტიკური ავიაცია (თვითმფრინავები), ისე არმიული ავიაცია, მრავალფუნქციური, დამრტყმელი შვეულმფრენების სახით. ამიტომ უკრაინული ATACAMS-ების პირველი დარტყმა განხორციელდა სწორედ ბერდიანსკის მიმართულებით, სადაც ბაზირებული იყვნენ ის შვეულმფრენები, რომლებიც კონტრშეტევაზე მყოფ უკრაინის სამხედრო ძალებზე ახორციელებდნენ იერიშებს“, - უთხრა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს დამოუკიდებელმა უკრაინელმა სამხედრო ექსპერტმა, მიხაილო სამუსმა.

შარშანდელი იერიშის შედეგად, უკრაინული მხარის მტკიცებით, მოწინააღმდეგემ დაკარგა 9 შვეულმფრენი, მათი ექსპლუატაციისათვის საჭირო სპეცტექნიკა, საჰაერო თავდაცვის გამშვები დანადგარი და საბრძოლო მასალების საწყობი.

რუსეთის ტერიტორიაზე 31 მაისის სარაკეტო იერიშის შედეგად, უკრაინის შეიარაღებული ძალების მონაგარი, С-300 და С-400 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება.

უკრაინის სარაკეტო იერიშის შედეგად რუს სამხედროებს შორის დანაკარგის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა. უკრაინულმა მხარემ ამ თავდასხმაზე კომენტარი არ გააკეთა. ბელგოროდის ინციდენტზე დუმს მოსკოვიც.

3 ივნისს რუსეთის პროპაგანდისტულმა საშუალებებმა მხოლოდ ფრონტის ხაზზე HIMARS-ით იერიშის აღკვეთის შესახებ გაავრცელეს ცნობები.

"ლენტა.რუს" თანახმად, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა HIMARS-იდან და „ოლხადან“ გაშვებული 19 რაკეტის ჩამოგდება მოახერხა.

მაგრამ მანამდე რუსეთის ხელისუფლებამ რამდენჯერმე განაცხადა, რომ უცხოური ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარებიც გამოიყენებოდა ბელგოროდის რეგიონის დაბომბვისას, რასაც კიევი არ ადასტურებდა.

სად გადის უკრაინის თავდაცვის ხაზი რუსეთის ტერიტორიაზე?

31 მაისს „გარდიანთან“ მიცემულ ინტერვიუში, ზელენსკიმ ნათლად მიანიშნა, რომ უკრაინას სჭირდება უფლება, გამოიყენოს შორ მანძილზე მოქმედი "ძლიერი" იარაღი, რომელსაც შეუძლია სამიზნეების განადგურება რუსეთის ტერიტორიის უფრო დიდ სიღრმეში, ვიდრე ხარკოვის მეზობელი სასაზღვრო ტერიტორიებია. ამ აკრძალვის გარეშე უკრაინა ვერც სხვა შორი მოქმედების რადიუსის რაკეტებს გამოიყენებს, რომლებსაც სხვა მოკავშირე ქვეყნები, კერძოდ, დიდი ბრიტანეთი, აწვდიან.

საუბარია Storm Shadow-ს ტიპის ფრთოსან რაკეტებზე, რომელთა მოქმედების მანძილი დაახლოებით 250 კილომეტრს შეადგენს.

23 აპრილს ლონდონმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის გამოყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი დახმარების პაკეტი 617 მილიონი დოლარის (500 მილიონი გირვანქის) ოდენობით. სამხედრო დახმარების პაკეტში, პრესისთვის მიცემული ინფორმაციის თანახმად, შევა 1600-ზე მეტი შეტევითი და საზენიტო რაკეტა, მათ შორის ზემოხსენებული რაკეტებიც.

ამ ფაქტის კომენტირებისას დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ამჟამად ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კემერონმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია, განახორციელოს დარტყმები ბრიტანული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე.

31 მაისს ცნობილი გახდა, რომ უკრაინას გერმანიამაც მისცა ნებართვა, მისგან მიღებული იარაღი გამოიყენოს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის. "დოიჩე ველეს" ცნობით, ამის შესახებ დღეს, 31 მაისს, განაცხადა გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ჰებეშტრაიტმა და გადაწყვეტილება ახსნა ხარკოვის ოლქზე ბოლო დროს რუსეთის საზღვრიდან განხორციელებული თავდასხმებით.

ვიდრე ამ უფლებას ოფიციალურად მოიპოვებდა მოკავშირეებისგან, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის მიმდებარე რუსეთის ტერიტორიაზე რამდენჯერმე მოსინჯეს დასავლეთისგან მიღებული შეიარაღება, მათ შორის, სავარაუდოდ, რაკეტა „პატრიოტი“.

უკრაინელმა სამხედროებმა სულ ცოტა ერთხელ მაინც გამოიყენეს გერმანიისგან მიღებული ამერიკული „პატრიოტის“ რაკეტები იმ რუსული თვითმფრინავების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინას უტევდნენ.
უკრაინელმა სამხედროებმა სულ ცოტა ერთხელ მაინც გამოიყენეს გერმანიისგან მიღებული ამერიკული „პატრიოტის“ რაკეტები იმ რუსული თვითმფრინავების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინას უტევდნენ.

New York Times-ის თანახმად 2024 წლის იანვარში, უკრაინელმა სამხედროებმა, შესაძლოა, ანტისაჰაერო სისტემა „პატრიოტით“ ჩამოაგდეს რუსული ილ-76-ის კლასის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მაშინ განაცხადა, რომ ბორტზე იმყოფებოდნენ 65 უკრაინელი ტყვე, რომლებიც რუს ტყვეებში უნდა გაეცვალათ, ეკიპაჟის ექვსი წევრი და სამი თანმხლები და ყველა მათგანი დაიღუპა. რუსეთმა უკრაინა დაადანაშაულა თვითმფრინავის ჩამოგდებაში.
კიევმა ეს ოფიციალურად არ დაადასტურა, მაგრამ აღიარა, რომ იგეგმებოდა ამ პატიმრების გაცვლა, რაც არ შედგა.

მიმდინარე წლის მაისის ბოლოს სააგენტო France Presse-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დასავლური იარაღით კრასნოდარის მახლობლად არსებულ ობიექტებზე თავდასხმის შესახებ. სააგენტოს წყაროებს არ დაუზუსტებიათ, თუ რომელ ობიექტებზე და რა იარაღით განხორციელდა დარტყმა.

რუსეთის აგრესიული რიტორიკა სულ უფრო მატულობს იმის კვალობაზე, რომ ნატოს წევრი სულ უფრო მეტი ქვეყანა უჭერს მხარს, თავდაცვის მიზნით, უკრაინის არმიის მიერ დასავლური იარაღის გამოყენებას რუსეთის ტერიტორიაზე.

მაისის ბოლოს უზბეკეთში ვიზიტის დროს ამ საკითხზე ყურადღება საგანგებოდ გაამახვილა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ევროპის ქვეყნები მოსალოდნელი შედეგების შესახებ გააფრთხილა.

"ნატოს ქვეყნების წარმომადგენლებს, განსაკუთრებით ევროპაში, განსაკუთრებით მცირე ქვეყნებში, უნდა ესმოდეთ, თუ რას ეთამაშებიან. მათ უნდა ახსოვდეთ, რომ ისინი არიან სახელმწიფოები მცირე ტერიტორიით და მჭიდრო მოსახლეობით. მათ ეს ფაქტორი უნდა გაითვალისწინონ, სანამ რუსეთში, სიღრმეში, შეტევების დაწყებაზე ისაუბრებენ", - განაცხადა 28 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინის ამ გაფრთხილებას არავინ შეუშინებია.

30-31 მაისს, პრაღაში მიმდინარე ნატოს არაფორმალური მინისტერიალის მსვლელობის დროს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის თავდაცვის მიზნით შორი მოქმედების ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარებით რუსეთის ტერიტორიაზე, რუსული სამხედრო ობიექტებისა და საშუალებების დაბომბვას სულ უფრო მეტი ქვეყანა ემხრობა.

30 მაისს ბუნდესვერმა დაუშვა ამერიკული ანტისაჰაერო სარაკეტო სისტემა „პატრიოტის“ გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე იმ თვითმფრინავების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინას მფრინავი ბომბებით ესხმიან თავს.
გერმანიამ უკრაინას სისტემა „პატრიოტის“ რამდენიმე კომპლექსი გადასცა.

რუსეთი აცხადებს, რომ კიევის მიერ რაკეტა „პატრიოტის“ გამოყენების ნებართვის მიცემით, დასავლეთის ქვეყნები ესკალაციის გზას მიჰყვებიან.

„ამიტომ, ჩვენ მივიღებთ ყველა საჭირო ზომას, რათა ასეთ ესკალაციასთან დაკავშირებული საფრთხეები განეიტრალდეს", - განუცხადა სააგენტო „ტასს“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ გრუშკომ.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG