1 ივნისს ისრაელის ლიდერი ბენიამინ ნეთანიაჰუ მზარდი ზეწოლის ქვეშ მოექცა მას მერე, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წარმოადგინა ღაზაში ომის დასრულების შეთანხმება. ისრაელის ბევრი მოქალაქე ნეთანიაჰუს შეთანხმებაზე დათანხმებისკენ მოუწოდებს, მაგრამ მისი ულტრამემარჯვენე მოკავშირეები იმუქრებიან, რომ თუ პრემიერ-მინისტრი გეგმას დათანხმდება, მთავრობის კოლაფსს გამოიწვევენ.
ღაზაში ცეცხლის მუდმივ შეწყვეტას ნეთანიაჰუმ არარეალისტური უწოდა მანამ, სანამ დაკმაყოფილდება ომის დასრულებისთვის განსაზღვრული პირობები - ამით მან თითქოს ეჭვქვეშ დააყენა შეთანხმება, რომელიც ბაიდენმა ისრაელის მიერ შემუშავებულად წარმოადგინა.
1 ივნისს ისრაელში გაიმართა მასობრივი დემონსტრაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ჰამასის (აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულად მიჩნეული დაჯგუფება) მიერ დატყვევებული ადამიანების ოჯახების წევრები - დემონსტრანტებმა მთავრობას დაუყოვნებელი მოქმედებისკენ მოუწოდეს.
აშშ-ის, ეგვიპტის და კატარის შუამავლები ზეწოლას ახორციელებენ ისრაელსა და ჰამასზე - შუამავლები აცხადებენ, რომ წარმოდგენილი შეთანხმება ითვალისწინებს "საგზაო რუკას ცეცხლის მუდმივი შეწყვეტისთვის და კრიზისის დასრულებისთვის", და მყისიერ შვებას სთავაზობს როგორ მძევლებს, ისე ღაზის მცხოვრებთ.
მაგრამ ულტრამემარჯვენე ფიგურები - ისრაელის ფინანსთა მინისტრი ბეზალელ სმოტრიჩი და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი იტამარ ბენ გვირი - ამბობენ, რომ მთავრობას დაშლიან, თუ პრემიერ-მინისტრი შეთანხმებას დათანხმდება, რითაც ნეთანიაჰუ შესაძლოა აღმოჩნდეს ახალი არჩევნების საჭიროების წინაშე.
ფორუმი