Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი ოსტინს სინგაპურში შეხვდა - აშშ კვლავ ადასტურებს დახმარების დაპირებას


ლოიდ ოსტინი (მარცხნივ) და ვოლოდიმირ ზელენსკი. შეხვედრა სინგაპურში. 2 ივნისი, 2024 წელი
ლოიდ ოსტინი (მარცხნივ) და ვოლოდიმირ ზელენსკი. შეხვედრა სინგაპურში. 2 ივნისი, 2024 წელი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის თავდაცვის მინისტრს, ლოიდ ოსტინს, შეხვდა სინგაპურში, შანგრი-ლას დიალოგის ფარგლებში.

„განვიხილეთ აშშ-ის დახმარება უსაფრთხოების სფეროში უკრაინის შესაძლებლობების საჭიროებათა უზრუნველსაყოფად. კვლავ დავადასტურე აშშ-ის ერთგულება, შეინარჩუნოს 50-ზე მეტი ქვეყნისგან შემდგარი კოალიციის მტკიცე მხარდაჭერა თავისუფლების დაცვაში უკრაინის დასახმარებლად. არასოდეს იმერყევებს აშშ-ის მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლის პროცესში“, - დაწერა ლოიდ ოსტინმა 2 ივნისს სოციალურ პლატფორმა X-ზე [ყოფილი ტვიტერი].

ლოიდ ოსტინთან შეხვედრის შემდეგ, განცხადება გამოქვეყნდა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებსაიტზეც.

„ჩვენ მეტად მადლიერი ვართ პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენისა და მისი ადმინისტრაციის მიმართ, მათი მუდმივი მხარდაჭერისთვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში“, - განცხადების ტექსტში ასევე მოყვანილია ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვები, რომლებშიც ის საგანგებო მადლიერებას გამოხატავს აქტიური დახმარებისთვის საჰაერო თავდაცვის მიმართულებით, რაც „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“ „უკრაინელების სიცოცხლის, ქალაქებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დასაცავად“.

ლოიდ ოსტინთან შეხვედრის დროს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლიერება გამოხატა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მიღებული „მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების“ გამო, დაუშვას „ამერიკული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე შეზღუდული დარტყმები“, რათა უკრაინა უფრო ეფექტიანად დაუპირისპირდეს რუსეთის მცდელობას, გააფართოოს ფრონტის ხაზი.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლიერებით მოიხსენია აშშ-ის კონგრესის მიერ დამტკიცებული სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელსაც უკრაინა დიდი ხნის განმავლობაში ელოდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი სინგაპურში 1 ივნისს ჩავიდა, შანგრი-ლას დიალოგში მონაწილეობის მისაღებად. მან X-ზე დაწერა, რომ სინგაპურში ჩავიდა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის მხარდაჭერის მოსაპოვებლად სამშვიდობო სამიტისთვის, რომელიც 15-16 ივნისს შვეიცარიაშია დაგეგმილი. კონფერენციაზე გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით 100-ზე მეტი ქვეყნის მხარდაჭერა უკვე აქვთ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG