Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაბეიშვილის თქმით, ენმ-ის ოფისს თავს დაესხნენ შუბებით შეიარაღებული ადამიანები


1 ივნისი, 2024 წელი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი.
1 ივნისი, 2024 წელი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა გამოაქვეყნა კადრები, რომელშიც ჩანს ოპოზიციური პარტიის დაზიანებული ოფისი. მისი თქმით, წუხელ, 1 ივნისს, 02:30 საათზე, 30-40-მდე „შუბებით შეიარაღებული "ტიტუშკა" თავს დაესხა ენმ-ის ცენტრალურ ოფისს“.

1 ივნისი, 2024 წელი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი.
1 ივნისი, 2024 წელი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი.

ხაბეიშვილი აღნიშნავს, რომ ოფისის დაზიანების დროს, შენობაში პარტიის წევრები იმყოფებოდნენ.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, თავდამსხმელები შუბებით იყვნენ შეიარაღებულები.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, თავდამსხმელები შუბებით იყვნენ შეიარაღებულები.

„ეს არის ის ენა, რომლითაც ივანიშვილს სურს დაელაპარაკოს ქართველ ხალხს“, - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილი აქვეყნებს სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრს.
ლევან ხაბეიშვილი აქვეყნებს სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრს.

პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ თავდასხმა პოლიციასთან ერთად იყო ორგანიზებული, რომელიც, პარტიის თავმჯდომარის თქმით, ოფისთან ერთსაათიანი დაგვიანებით მივიდა.

თავდასხმის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აღნიშნავს, რომ დაზიანებულია ოფისის ფასადი და ინვენტარი, ჩამსხვრეულია შუშები.

„ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების პასუხი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ საქართველოს ინტერესების დაცვისა და ქართველი ხალხის გვერდით დგომისთვის.

ივანიშვილის რეჟიმის პანიკური ქმედებები და მათ მიერ ორგანიზებული ძალადობა, სულ მალე, ქართველი ხალხის ურყევი ნებით, აუცილებლად დასრულდება! საქართველო რუსეთი არასდროს იქნება! ივანიშვილის რეჟიმი აუცილებლად დასრულდება!“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

განახლება

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან ბეჟაშვილის თქმით, შსს-მ გამოძიება დაიწყო ცინიკურად, სხვისი ქონების დაზიანების მუხლით. მისი შეფასებით, ამაში ცხადად ჩანს, რომ ის არის რეალური მფარველი ბანდიტური ჯგუფებისა, რომელიც ბოლო ორი თვის განმავლობაში ატერორებენ საქართველოს საზოგადოებას.

„მოვუწოდებთ შსს-ს გადაშალოს სსკ-ის 225-ე მუხლი, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება. ფაქტია, რომ სისხლის სამართლის ამ მუხლის მთელი შემადგენლობა არის გამოყენებული წუხანდელ თავდასხმაში“, - თქვა ბეჟაშვილმა.

„აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეების დევნა, დაშინება და შეურაცხყოფა ისევ გრძელდება. 31 მაისის დილას არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს სახლებისა და ოფისების კედლებზე მუქარის შემცველი წარწერები დახვდათ. მათ ოფისებს კვერცხებიც დაუშინეს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ თავის ფეისბუკგვერდზე თავად დადო ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ დადის ქუჩაში რამდენიმე ნიღბიანი, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტიების ოფისების კედლებზე უხამსობებს წერენ და იგინებიან, კვერცხებს ესვრიან შენობებს.

ფეისბუკზე ვიდეოს თან ახლავს დიმიტრი სამხარაძის სიტყვებიც, სადაც ის იმუქრება, რომ ისინი ოპონენტებს კრიტიკას მტკივნეულად დაუბრუნებენ.

„ვიცით თქვენი ვინაობა, ვერ გიშველიან თქვენი პატრონები, თუ "ქართული ოცნების" გუნდის ნებისმიერ წევრზე რაიმე ცუდს განახორციელებთ!“

ამ წარწერის ქვეშ 13 არასამთავრობო ორგანიზაცია და 9 ოპოზიციური პარტიაა ჩამოთვლილი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG