თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, პარტია "ქართული ოცნების" წევრი ლევან ბერძენაშვილი ე.წ. "აგენტების კანონის" მიღების გამო პარტიას და საკრებულოში დაკავებულ თანამდებობას დატოვებს. ბერძენაშვილი წარმომადგენლობით ორგანოში სამანდატო, საპროცედურო და იურიდიული საკითხთა კომისიას ხელმძღვანელობს.
როგორც ლევან ბერძენაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, მიმდინარე წლის 10 ივნისამდე შვებულებაშია, საკრებულოში დაბრუნებისთანავე კი "ქართულ ოცნებას“ და საკრებულოში თანამდებობას დატოვებს.
„მე რაც ვთქვი, ჩემს სიტყვას ბოლომდე შევასრულებ. ეს არის პროტესტი კანონზე, რომელიც პარლამენტმა მიიღო.“
ბერძენაშვილმა მიმდინარე წლის 26 აპრილს საკრებულოს სხდომაზე „ფიცი დადო“, რომ თუ მმართველი გუნდი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს" უკან არ გაიწვევდა, დატოვებდა პარტიას და თანამდებობას.
"ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ყველა პარტნიორი გვეუბნება, რომ თუ ამ კანონს მიიღებთ, შესაძლოა დაკარგოთ ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატის სტატუსი, დაკარგავთ ყველაფერს, რაც ევროპას უკავშირდება... ამიტომ მე ამ კანონპროექტს ვემიჯნები და თქვენს წინაშე ვდებ ფიცს, თუ პროექტს უკან არ გაიწვევენ, მე დავტოვებ თანამდებობას“, - ასე მიმართა ბერძენაშვილმა აპრილში საკრებულოს წევრებს.
ბერძენაშვილი ამ განცხადების გაკეთებამდე სოციალურ ქსელ ფეისბუკში აზიარებდა მმართველი პარტიის დეპუტატის, დიმიტრი სამხარაძის პოსტებს, რომლებშიც ეწერა, რომ ე.წ. აგენტების კანონპროექტი არა რუსული, არამედ ევროპული იყო.
ფორუმი