Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნების" ქმედებები რისკის ქვეშ აყენებს აშშ-საქართველოს ურთიერთობას - სახელმწიფო დეპარტამენტი


მეთიუ მილერი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი
მეთიუ მილერი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი

პარლამენტის მიერ ე.წ. აგენტების კანონის საბოლოოდ მიღების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში 28 მაისის ბრიფინგი საქართველოს საკითხით გახსნა პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა.

მისი განცხადებით, მმართველი პარტიის ქმედებები და ანტიდასავლური რიტორიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიას, მომავალ ეკონომიკურ უსაფრთხოებას, ევროკავშირის წევრობას და ასევე რისკის ქვეშ აყენებს აშშ-საქართველოს ურთიერთობას.

"დღეს საქართველოს პარლამენტმა ვეტო დაძლია ანტიდემოკრატიული "უცხოეთის აგენტების" კანონზე, რომელიც ევროპულ ნორმებს ეწინააღმდეგება, და ამით კანონპროექტი კანონად იქცა. კანონის მიღებით, მმართველი პარტია "ქართული ოცნება" აშორებს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზას და უგულებელყოფს იმ ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებას, რომელიც ამ კანონის წინააღმდეგ უკვე რამდენიმე კვირაა, ქუჩაში დგას.

"ქართულმა ოცნებამ" უგულებელყო ევროკომისიის, ვენეციის კომისიის სამართლებრივი შეფასება და საქართველოს ყველაზე ახლო პარტნიორების წუხილი, რომლებიც აცხადებენ, რომ ეს კანონი გამოიწვევს სამოქალაქო საზოგადოების, მედიის სტიგმატიზაციას და შეზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს.

მმართველი პარტიის ქმედებები და ანტიდასავლური რიტორიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიას, მომავალ ეკონომიკურ უსაფრთხოებას, ევროკავშირის წევრობას და ასევე რისკის ქვეშ აყენებს აშშ-საქართველოს ურთიერთობას", - თქვა მილერმა.

მან გაიხსნება გასულ კვირაში სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება სავიზო აკრძალვებთან და აშშ-საქართველოს ყოვლისმომცველი თანამშრომლობის გადახედვასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ აშშ მიიღებს გადაწყვეტილებას "ქართული ოცნების" ქმედებების გათვალისწინებით.

Error

Server error

შეცდომისთვის ბოდიშს გიხდით!

პრობლემა ჩვენს ტექნიკურ გუნდს გადაეგზავნა შესასწავლად.

Please use Search above to see if you can find it elsewhere

28 მაისს, საღამოს 7 საათისთვის, საქართველოს პარლამენტმა არ გაიზიარა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და „აგენტების კანონზე“ დადებული ვეტო დაძლია. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების წინააღმდეგ ხმა 66-მა დეპუტატმა მისცა, მხარდამჭერი არავინ ყოფილა. კანონპროექტს, რომელიც მანამდე სამი მოსმენით იყო მიღებული, მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო ოთხი.

კანონის ძალაში შესასვლელად საჭიროა ხუთი დღის ვადაში მას პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონპროექტს ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.

„აგენტების კანონი“ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად აცხადებს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. ისინი სპეციალურ რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ და ყოველწლიურად შეავსონ საფინანსო დეკლარაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველ ჯერზე 25 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.

კანონის გამოქვეყნების შემდეგ, იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა“ რეესტრის შესაქმნელად 60 დღე ექნებათ. როცა ეს ეტაპიც დასრულდება, „უცხოელი აგენტების“ რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულო გახდება.

ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ საქართველოში მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების, დასავლეთის არაერთი დაჟინებული მოწოდებისა და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად, „ქართული ოცნების” ხელისუფლება აცხადებდა, რომ არ აპირებდა უარი ეთქვა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონზე.

„აგენტების კანონზე" პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე რამდენიმე დღით ადრე, 23 მაისს, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება: „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადება და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა”.

ვაშინგტონმა გადაწყვიტა, რომ სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს „ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დემოკრატიას ძირს უთხრიან, და მათი ოჯახის წევრებსაც. ჯერჯერობით არცერთი კონკრეტული პირი დასახელებული არ არის. გარდა ამისა, აშშ გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას. მიზეზი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონი და მასთან დაკავშირებული მოვლენებია, მათ შორის „პროტესტის ჩახშობის მიზნით გამოყენებული რეპრესიული ტაქტიკა".

კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში საპასუხო ზომების მიღებას აპირებს ევროკავშირიც. მანამდე არაერთხელ ითქვა, რომ კანონი ააცდენს საქართველოს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირში გაწევრიანების გზას და ის არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG