მიუხედავად ისრაელის ხელმძღვანელობის მრისხანე რეაქციისა, ესპანეთმა, ნორვეგიამ და ირლანდიამ სამშაბათს ოფიციალურად აღიარეს პალესტინის სახელმწიფო.
"ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელსაც მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - დაეხმაროს ისრაელელებსა და პალესტინელებს მშვიდობის მიღწევაში", - განაცხადა სამშაბათს ერისადმი მიმართვაში ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა.
ოსლომ და დუბლინმა ასევე განაცხადეს, რომ ცდილობენ დააჩქარონ ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფისკენ მიმართული ძალისხმევა ისრაელსა და პალესტინურ დაჯგუფება ჰამასს შორის ომში. (ჰამასი ტერორისტულ დაჯგუფებადაა მიჩნეული შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ.)
დასავლეთ ევროპის სამი ქვეყნის კოორდინირებული გადაწყვეტილების შესახებ გასულ კვირაში გახდა ცნობილი.
სამივე ქვეყანა იმედოვნებს, რომ მათი ინიციატივა ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებს ამ მაგალითის მიბაძვისკენ უბიძგებს. როგორც ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟოზე მანუელ ალვარესმა სამშაბათს აღნიშნა, ამჟამინდელი ნაბიჯი ნიშნავს, რომ პალესტინის სახელმწიფო ახლა მსოფლიოს 193 ქვეყნიდან 146-ის მიერ არის აღიარებული.
ისრაელის კრიტიკის საპასუხოდ, ესპანეთის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ მისი კაბინეტის გადაწყვეტილება არ ყოფილა მიმართული ებრაული სახელმწიფოს წინააღმდეგ. პედრო სანჩესმა ისრაელს უწოდა „მეგობრული ქვეყანა, რომელსაც მადრიდი პატივს სცემს, აფასებს და ცდილობს მასთან საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდეს."
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ უკან არ დაიხევენ მათ წინაშე, ვინც ძირს უთხრის ისრაელის სუვერენიტეტს და უსაფრთხოებას. კაცის შეფასებით, პალესტინის სახელმწიფოდ აღიარების გადაწყვეტილება იმის სიგნალია, რომ ტერორიზმი გამართლებულია, წააქეზებს ირანს და ჰამასს და ძირს გამოუთხრის მშვიდობის შანსს.
- ისრაელმა ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაიწყო მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს, პალესტინელთა ამ რადიკალური ისლამისტური მოძრაობის სამხედრო ფრთამ ისრაელზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის ტერიტორიაზე ხმელეთიდანაც შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი მოკლეს და გაიტაცეს.
- ჰამასის მიერ მართული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის 7 ოქტომბრიდან დაიღუპა 35 000-მდე პალესტინელი. ღაზის სექტორში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია.
ფორუმი