გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მხარს არ უჭერს კიევისათვის გერმანული იარაღის გამოყენების უფლებას რუსეთში არსებული სამიზნეების წინააღმდეგ. ამის შესახებ კანცლერმა 26 მაისს გერმანიის კონსტიტუციის 75-ე წლისთავთან დაკავშირებით ბერლინში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
"ჩვენ უკრაინასთან შეთანხმებული გვაქვს მკაფიო წესები ჩვენ მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. და როგორც მე ვიცი, ეს წესები დაცულია”, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.
ამასთან, კანცლერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თეზისი, რომ ესწრაფვის კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილებას. აქამდე გერმანია იარაღს აწვდიდა უკრაინას იმის პირობით, რომ არ მოხდებოდა გერმანული იარაღის გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე.
კერძოდ, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, გერმანიამ უკრაინას 80 კილომეტრზე მეტი რადიუსის მანძილზე მოქმედი Mars II-ის სარაკეტო გამშვები მოწყობილობები მიაწოდა.
შოლცი არაერთხელ გამოსულა უკრაინისთვის გერმანულ-შვედური წარმოების ფრთოსანი რაკეტა Taurus-ების მიწოდების წინააღმდეგ. მისი აზრით, რაკეტების „არასწორმა გამოყენებამ“ შესაძლოა გერმანია რუსეთთან ომში ჩაითრიოს.
გერმანიის კანცლერის ამ განცხადების ფონია ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მოსაზრება, რომ უკრაინის პარტნიორმა ქვეყნებმა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე თავდასხმისთვის კიევისთვის იარაღის გამოყენების აკრძალვა უნდა მოხსნან.
ფორუმი