გაეროს საერთაშორისო სასამართლომ, რომელსაც ჰააგაში უდევს ბინა, დაადგინა, რომ ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰზე იერიში. სასამართლო თავის გადაწყვეტილებას ასაბუთებს არასაკმარისი ზომებით, რომლებსაც მიმართავენ მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. ამ გადაწყვეტილებას 15 მოსამართლიდან 13-მა დაუჭირა მხარი, ორი წინააღმდეგი იყო.
გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ისრაელმა უნდა უზრუნველყოს ღაზის სექტორში საჭირო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება.
საქმე ეხება ისრაელის მიმართ ე.წ. სასწრაფო დროებით ზომებს სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც სასამართლოში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ შეიტანა რამდენიმე სხვა ქვეყანასთან ერთად. ამ სარჩელით ისრაელს ბრალს სდებენ პალესტინელთა გენოციდში, რასაც ისრაელი უარყოფს.
იანვარში სასამართლომ ისრაელისგან მოითხოვა, მიმართოს ზომებს, რომ არ დაუშვას ღაზის სექტორში მცხოვრები პალესტინური მოსახლეობის გენოციდი, არ დაუშვას გენოციდისკენ მოწოდებები, ღაზაში სავარაუდო დანაშაულების მტკიცებულებათა განადგურება, ასევე ხელი შეუწყოს სექტორში ჰუმანიტარული ვითარების გაუმჯობესებას. მაშინ სასამართლო არ ითხოვდა ღაზის სექტორში დაჯგუფება ჰამასის წინააღმდეგ ისრაელის სამხედრო ოპერაციის სრულ შეწყვეტას (ჰამასი აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული). ამჟამინდელი გადაწყვეტილება ეხება კონკრეტულად რაფაჰს და არა მთელს ღაზის სექტორს. სასამართლომ არ მოუწოდა ისრაელს ჰამასის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის შეწყვეტისკენ, რასაც ითხოვდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სარჩელი.
ისრაელი აცხადებს, რომ უფლება აქვს, თავი დაიცვას ჰამასის მუქარისგან. „ისრაელს დედამიწაზე ვერავითარი ძალა ვერ აიძულებს, შეწყვიტოს საკუთარი მოქალაქეების დაცვა და ღაზაში ჰამასის დევნა“, - თქვა ბრიფინგზე ისრაელის მთავრობის პრესმდივანმა ავი ჰაიმანმა.
გაეროში ისრაელის ყოფილმა მუდმივმა წარმომადგენელმა დანი დანონმა სოცქსელ X-ში დაწერა: „სანამ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეები კომფორტით ტკბებიან და საკუთარ ოჯახებს მიაშურებენ, ღაზაში 125 მძევალი იტანჯება. ისრაელი არ შეწყვეტს ომს, სანამ ჩვენი მძევლები შინ არ დაბრუნდებიან და სანამ ჰამასი სრულად არ დამარცხდება“.
გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში ისრაელს შესაძლოა სანქციები დაუწესონ.
ფორუმი