აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, დიდი ალბათობით, არ დაესწრება უკრაინისადმი მიძღვნილ მშვიდობის სამიტს ჟენევაში. სააგენტო „ბლუმბერგის“ თანახმად, ამ პერიოდში ბაიდენი ჰოლივუდის ვარსკვლავებთან, ჯორჯ კლუნისა და ჯულია რობერტსთან ერთად აპირებს მონაწილეობის მიღებას კალიფორნიაში წინასაარჩევნო კამპანიისათვის შემოწირულების შეგროვების კამპანიაში.
სამშვიდობო სამიტი შვეიცარიაში გაიმართება 15-16 ივნისს, იტალიაში „დიდი შვიდეულის“ ჯგუფის ლიდერთა შეხვედრის შემდეგ. კონფერენციაში ჩართვას გეგმავს G7-ის რამდენიმე ლიდერი, მაგრამ გამოცემის თანახმად, მშვიდობის სამიტში მონაწილეობას არ მიიღებენ არც ჯო ბაიდენი და არც ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი.
თეთრ სახლს ჯერ არ გაუვრცელებია დადასტურებული ცნობა, მიიღებს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მონაწილეობას "მშვიდობის გლობალურ სამიტში".
უკრაინის მიერ ინიციირებულ „მშვიდობის გლობალურ სამიტზე“ რუსეთი მიწვეული არ არის. უმაღლესი დონის შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ასამდე ქვეყანა, განიხილავენ ომის დასრულების შესაძლებლობებს და კიევის „მშვიდობის ფორმულას“. მოსკოვში განაცხადეს, რომ რუსეთის მონაწილეობის გარეშე შეხვედრას არანაირი აზრი არ ექნება.
1 მაისს გამოცემა Foreign Policy-სთან ინტერვიუში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთის მონაწილეობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ბრძოლის ველზე უკრაინის წარმატების და კიევის მოკავშირეთა სრული კონსოლიდაციის შემდეგ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2022 წლის ნოემბერში „დიდი ოცეულის“ ლიდერთა სამიტს წარუდგინა ათპუნქტიანი „მშვიდობის ფორმულა“, რომელიც მოიცავს რადიაციულ, ბირთვულ, სასურსათო და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ყველა ტყვის და დეპორტირებულის გათავისუფლებას, გაეროს წესდების შესრულებას და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და მსოფლიო წესრიგის აღდგენას, უკრაინიდან რუსეთის ჯარების გაყვანას და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, სამართლიანობის დაბრუნებას, ეკოციდის აღკვეთას, ესკალაციის არდაშვებას და ომის დასრულების ფიქსაციას.
2023 წელს უკრაინის გეგმის განსახილველად შეხვედრები გაიმართა მალტასა და საუდის არაბეთში. რუსეთს, რომლისთვისაც უკრაინის გეგმა მიუღებელია, ამ შეხვედრებში მონაწილეობა არ მიუღია.
ფორუმი