პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა.
კომიტეტმა დღეს, 20 მაისს, განიხილა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით.
19 აპრილს „ქართულმა ოცნებამ” ეკონომიკური სარგებლის მიღების მოტივით, დაჩქარებული წესით შეიტანა საგადასახადო კოდექსში ცვლილება, რომლითაც ოფშორული ზონებიდან ბიზნესის საქართველოში გადმოტანაზე საგადასახადო შეღავათი გავრცელდება.
ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ კანონი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ერგება და სანქციების მიმართ გაზრდილ მოლოდინს უკავშირდება.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ოფშორებში 20 კომპანიას ფლობდა, - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" 2021 წელს მომზადებული კვლევა. ოპოზიცია და ანალიტიკოსების ნაწილი ასევე შიშობენ, რომ ოფშორული კომპანიებისთვის გაუქმებული გადასახადებით „ფულის გათეთრების” რისკი იზრდება.
ახალი კანონით, უცხოური საწარმოს ყველა აქტივის (მათ შორის, წილის/აქციის) საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში, კომპანია საშემოსავლო და მოგების გადასახადისგან ერთჯერადად გათავისუფლდება.
მარტივად რომ ვთქვათ, აქტივის ოფშორიდან ქართულ იურიდიულ პირზე გადაფორმება არ დაიბეგრება. ამას გარდა, თუ ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიას სხვადასხვა ტიპის აქტივი აქვს, მაგალითად, თვითმფრინავი, ავტომობილი, საქართველოში მათი გადმოტანის დროს იმპორტის გადასახადს არ გადაიხდის. ოფშორული ზონებიდან საწარმოს გადმოტანის შეღავათიანი პირობები 2028 წლის იანვრამდე გაგრძელდება. პრეზიდენტმა „ოფშორების კანონს“ ვეტო 3 მაისს დაადო.
საქართველოს პრეზიდენტი საკუთარ მოტივირებულ შენიშვნებში წერს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების შემცველია, არ შეიძლება, მიღებულ იქნეს დაჩქარებული წესით, განხილვისთვის სათანადო დროის დათმობისა და საზოგადოების ჩართულობის ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე.
ამას გარდა, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ცვლილებებით ინვესტორებისთვის არათანაბარი და დისკრიმინაციული გარემო იქმნება.
ოფშორებიდან ბიზნესის გადმოტანის გარდა, საგადასახადო კოდექსში ასევე შევიდა ცვლილება, რომლითაც მოქალაქეებს საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერებათ. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ფიზიკურ პირთა საგადასახადო ამნისტიას არ ეხება.
პროცედურის მიხედვით, კომიტეტის შემდეგ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯერ კენჭს უყრიან პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მისი ჩაგდების შემთხვევაში, სამი მოსმენით მიღებულ „ოფშორების კანონს“ კიდევ ერთხელ მისცემენ ხმას და მისი მიღება (არანაკლებ 76 მომხრე არის საჭირო) ვეტოს დაძლევას ნიშნავს.
ფორუმი