Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიშელთან ვთქვი, რომ მზად ვართ კონსულტაციებისთვის - კობახიძე ე.წ. აგენტების კანონზე


ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ტელეფონით ორჯერ ესაუბრა და ორივეჯერ დაუდასტურა, რომ მზადაა კონსულტაციებისთვის ე.წ. აგენტების კანონზე. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ანკარაში განუცხადა.

კობახიძის თქმით, თუ იქნება წარდგენილი სამართლებრივი შენიშვნები, იქნება დისკუსია ყველა თემაზე.

"მე პირველივე ზარის დროს დავაფიქსირე შარლ მიშელთან ჩვენი მზაობა კონსულტაციებთან დაკავშირებით. მეორე ზარის დროს კიდევ ერთხელ გავიმეორე იგივე. ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ნებისმიერი ტიპის კონსულტაციებისთვის, რაც უკავშირდება ამ კანონს, ოღონდ ვინმემ რამე სამართლებრივი შენიშვნა მოგვაწოდოს ამ კანონთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, ვართ მყისიერად მზად განხილვისთვის. თუ იქნება წარმოდგენილი სამართლებრივი შენიშვნები, რაც დღემდე არ მიგვიღია, რა თქმა უნდა, გვექნება დისკუსია ყველა თემაზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ კობახიძესა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ მიშელს შორის გამართულ სატელეფონო საუბარზე ინფორმაცია 15 მაისს გავრცელდა. მათი საუბრის შესახებ რადიო თავისუფლებას ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა უთხრა, რომ მხარეებს შორის დისკუსია ფოკუსირებული იყო იმ შესაძლო გზების პოვნაზე, რომლებითაც დაიძლეოდა მოსახლეობის წუხილი "უცხოური გავლენის შესახებ კანონის" ირგვლივ.

წყაროს თანახმად, პრეზიდენტმა მიშელმა მოუწოდა პრემიერ კობახიძეს, რომ განაგრძოს პოლიტიკური ტურბულენტური სიტუაციიდან გამოსავლის ძიება. ასევე პრეზიდენტმა მიშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია მისი მომავალი, ხოლო "გაბედულ პოლიტიკურ ლიდერებს" შეუძლიათ, ხელი შეუწყონ მას. მისივე თქმით, საქართველომ არ უნდა გარისკოს თავისი ევროპული მომავალი, რომელიმე აქტორის მოკლევადიანი პოლიტიკური მიღწევების გამო.

საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი“ მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო - მას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ერთ თვეზე მეტია, რაც კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებდნენ, რომ ამ კანონის მიღება და ქვეყნის ევროინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG