ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში მიმდინარეობს 119-ე შეხვედრა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის(IPRM) ფორმატით.
ქართული მხარისთვის უმთავრეს საკითხებად რჩება უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება და ე.წ. ბორდერიზაციის შეწყვეტა. ამასთან, დღეს საჯაროდ პირველად ითქვა, რომ თბილისის შეთავაზებაა „ნულოვანი დაკავების პოლიტიკა”.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს უთხრა, რომ ერგნეთის წინა შეხვედრიდან, 20 მარტიდან დღემდე საოკუპაციო ხაზთან უკანონოდ დაკავების ცხრა შემთხვევა იყო. დაკავებულთა ნაწილი გათავისუფლებულია.
ოკუპირებული ცხინვალის საპატიმროსა და იზოლატორში ამჟამად იმყოფება უკანონოდ, სხვადასხვა დროს დაკავებული შვიდი მოქალაქე.
„კიდევ ერთხელ გვსურს დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რომ ერთადერთი, რასაც შეუძლია განმუხტოს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დაძაბული ფსიქოლოგიური მდგომარეობა ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის, ეს გახლავთ ნულოვანი დაკავების პოლიტიკის ინიციატივა, რაც ჩვენგან არის შეთავაზებული და ჩვენ ვაპირებთ ამ პოზიციების დაცვას”, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
მისი ინფორმაციით, ქართული მხარის ეს პოზიცია შეჯერებულია საერთაშორისო პარტნიორებთან. როგორც ანთაძემ თქვა, „უკანონო დაკავებების ნულოვანი პოლიტიკაა” ერთადერთი გზა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა შედარებით კომფორტულად იყოს და ყოველდღიური საქმიანობა შიშის გარეშე გააგრძელოს.
რაც შეეხება ე.წ. ბორდერიზაციას, ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, ერგნეთის წინა შეხვედრის შემდეგ, გორის და ქარელის მუნიციპალიტეტებში 15 შემთხვევა იყო(მარტში - სამი, აპრილში - ცხრა და მაისში - სამი), როცა საოკუპაციო ძალებმა აღმართეს ან შეაკეთეს ე.წ. სასაზღვრო ღობეები და მავთულხლართები და განაახლეს სათვალთვალო კამერები.
ერგნეთის შეხვედრას დღეს პირველად ესწრება საქართველოში ევროკავშირის მისიის ახალი ხელმძღვანელი ბეტინა პატრისია ბუგანი, რომელიც მოვალეობის შესრულებას 2024 წლის აპრილიდან შეუდგა.
IPRM-ის ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. სამუშაო ჯგუფების შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების და რუსეთის საოკუპაციო ძალების, ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლები.
ფორუმი