15 მაისს გამართულ კენჭისყრაზე პარლამენტმა ჩააგდო (ერთი მომხრე, 28 წინააღმდეგი) პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, რომლებიც ეხებოდა ქალთა კვოტირების გაუქმების საკითხზე დადებულ ვეტოს. საპარლამენტო უმრავლესობამ და „გირჩმა“ 87 ხმით, ერთის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირეს „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების თავდაპირველ ვერსიას და დაძლიეს პრეზიდენტის ვეტო. „გირჩის“ წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ვეტოს დაძლევას მათი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ოთხივე წევრმა მისცა ხმა.
ამ გადაწყვეტილებით გაუქმდება „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლი, რომელიც პარტიებს საპარლამენტო არჩევნების სიაში დროებით, სულ მცირე ყოველ მეოთხედ, ქალის ჩაწერას ავალდებულებდა.
1 აპრილს ცნობილი გახდა „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩიასა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს შორის კომუნიკაციაზე. ისინი შეთანხმდნენ, რომ პარტიულ სიებში ქალთა კვოტირების გაუქმების სანაცვლოდ, „გირჩი“ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მხარს დაუჭერდა „ქართული ოცნებისთვის“ მისაღებ კანდიდატურას.
„[შეთანხმება] პოლიტიკური ვაჭრობის შედეგია. ჩვენ პოლიტიკურ ვაჭრობასაც მივესალმებით, ოღონდ, სხვა ვაჭრობისგან განსხვავებით, ჩვენი ვაჭრობა ყოველთვის ხდება საჯაროდ. ჩვენმა მაყურებელმა კაი ხანია იცის, რომ ჩვენ ეს გავცვალეთ ცესკოს თავმჯდომარის მხარდაჭერაში. ცესკოს მოქმედ თავმჯდომარეს ჩვენ ისედაც ვუჭერდით მხარს ისე, რომ საერთოდ არაფერში გაგვიცვლია. ახლა მოგვეცა საშუალება, რომ ის, რისთვისაც ვიბრძოდით საკონსტიტუციო სასამართლოში, გამოგვევაჭრებინა 'ოცნებისგან'“, - თქვა 1 აპრილს იაგო ხვიჩიამ.
„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომელიც ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებდა, პარლამენტმა „გირჩის“ მოთხოვნით, დაჩქარებული წესით განიხილა და 4 აპრილს საბოლოო, მესამე მოსმენით მიიღო. 18 აპრილს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტს ვეტო დაადო.
30 აპრილს პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი აირჩია. საპარლამენტო უმრავლესობის გარდა, კალანდარიშვილის კანდიდატურას, შეთანხმების შესაბამისად, ხმა მისცეს „გირჩის“ წევრებმა.
ფორუმი