Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გეზელის სარკე - გამჭვირვალობის სახელით


ავტორი: ჯაბა თებიძე

აზვირთებულ მსოფლიოსთან მისვლით შენ ბორკილის მეტს არაფერს არ კარგავ - წერდა გალაკტიონი. საქართველოს დიდი ძალისხმევა ესაჭიროება ევროგაერთიანებასთან ინტეგრაციის გზაზე. ინტეგრაცია კი იურიდიული ტერმინოლოგიაა, რომელიც თავისსავე საფუძვლებში მოიაზრებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ასპექტებს. ევროგაერთიანების დამფუძნებელი შეთანხმება ადგენს გეოგრაფიულ და დემოკრატიულ სტანდარტებს, რაც გულისხმობს რომ მისი წევრი მხოლოდ ევროპული სახელმწიფო შეიძლება გახდეს და სახელმწიფო რომელიც პატივს სცემს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და კანონის უზენაესობის პრინციპებს.

თავისუფალი და დემოკრატიული სამყარო ეს ის აზვირთებული მსოფლიოა რომელზედაც პოეტი გასული საუკუნის თავისუფლება-დაკარგულ საქართველოში წერდა, ხოლო ბორკილი თავისუფლების, სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი სუვერენიტეტის, გადაწყვეტილებების მიღების ლეგიტიმური ინსტიტუტების არ ქონას გულისხმობს. რთულია არ დაეთანხმო გალაკტიონს, სიტყვის დიდოსტატსა და გენიოსს, თუნდაც ქართული, მაგრამ უნივერსალური, ზოგადსაკაცობრიო კუთვნილება, როგორც ინგლისელი უილიამ შექსპირი, მაგრამ ბრწყინვალე ქართულით ნათარგმნი.

ბოლო ერთი წელია საქართველოს პარლამენტი განიხილავს მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს, რეგულაციას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის თაობაზე. ტერმინი უცხო საკუთარისაგან განსხვავებულს ან რისიმეს არ ქონას გულისხმობს. ყოველი უცხო კი როდია ცუდი და დასაგმობი. მათი ავკარგიანობის დასადგენად დემოკრატიული ინსტიტუტები გვჭირდება, რომლებიც იწვევენ ნდობას და გამჭვირვალობის სახელით არ ახშობენ ყოველივე უცხოს და პარტიული ინტერესისთვის მიუღებელ ინიციატივებს. დაკნინებული დემოკრატია იწვევს უზარმაზარ ასიმეტრიას საზოგადოებასა და მმართველ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, როდესაც ხელისუფლებას ხალხის ხმა არ ესმის და არც სურს რომ გაიგოს. ის ხელოვნურად ახშობს მას და ცდილობს ორგანიზებული, ადმინისტრაციული რესურსით წახალისებული დემონსტრაციით აჩვენოს, რომ ისინი უფრო მეტნი არიან. ხელისუფლება არითმეტიკით თამაშობს.

აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის მთავარ პრობლემას წარმოადგენს არა მისი კუთვნილება ან მსგავსება რომელიმე სახელმწიფოს მსგავს კანონმდებლობასთან, არამედ საკითხი მის აღმასრულებელ ინსტიტუტებშია, რომელთა რეპუტაცია შელახულია და საზოგადოების მხრიდან ნდობის დეფიციტს განიცდის.

დემოკრატია რთული და ურთიერთდაკავშირებული პროცესების შედეგია. ბევრად უფრო რთული რაც შესაძლოა თავისთავად ხდებოდეს, ის შემთხვევითობის სივრცის მიღმაა და წარმოადგენს წარმატებულ ძალისხმევას, გაუმკლავდე საშინაო და საგარეო გამოწვევებს. სუსტი ინსტიტუტების ხელში აღნიშნული კანონმდებლობა შესაძლოა გადაიქცეს მჩაგვრელ, რეპრესიულ მექანიზმად პოლიტიკური ოპონენტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩასახშობად.

როდესაც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ევროკავშირიდან თუ ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოგვიწოდებენ, რომ აღნიშნული კანონმდებლობა არ შეესაბამება გარკვეულ სტანდარტებს და ის დააშორებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზიდან, იგულისხმება ინსტიტუციური ნდობის დეფიციტი, როცა კანონი შესაძლოა გადაიქცეს რეპრესიულ, მჩაგვრელ მექანიზმად და მმართველი პარტიის მიერ მონოპოლიზირებული ძალაუფლების პირობებში არ და ვერ აღმოჩნდებიან ინსტიტუტები რომლებიც არ დაუშვებენ აღნიშნული კანონის რეპრესიულ მექანიზმად გადაქცევას.

1975 წლის ჰელსინკის შეთანხმება, რომელიც ადამიანის ფუნდამენტურ და საბაზისო უფლება-თავისუფლებებს მიეძღვნა, თავისი არსით უნივერსალურია და ძალზედ მარტივი. აღნიშნულმა შეთანხმებამ გამოიწვია საბჭოთა კავშირში და მისი გავლენის ქვეშ მყოფ ევროპულ სახელმწიფოებში იატაკქვეშა ორგანიზაციების დაარსების წახალისება, ჰელსინკის ჯგუფებისა თუ კავშირების სახელით, რომლებმაც საბოლოო ჯამში საფუძველი დაუდეს როგორც ადამიანის უფლებათა ზოგადსაკაცობრიო ისე ეროვნული დამოუკიდებლობის მოპოვების საკითხებზე ფიქრს. აღნიშნულისა და ეკონომიკური პრობლემების ფონზე საბჭოთა კავშირი დაინგრა.

ყოველი კანონმდებლობა საკუთარ მიზნებსა და ამოცანებში უნდა იყოს პროპორციული და მკაფიო საზოგადოების ლეგიტიმურ ინტერესებთან მიმართებაში. ევროპული დემოკრატიის პრაქტიკა, იმის გათვალისწინებით რომ არსებობს ევროკავშირის ინსტიტუტები და სასამართლო სისტემა, იძლევა შესაძლებლობას კანონმდებლობა არ იქნეს გამოყენებული არაპროპორციული მიზნებისათვის. ინსტიტუციური დემოკრატიისათვის დამახასიათებელი თვისებაა სახელმწიფო და კერძო, პარტიული ინტერესების განცალკევება და მათი ერთმანეთთან არ აღრევა. არსებობს უამრავი სასამართლო პრაქტიკა, როგორც ევროკავშირიდან ისე ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლო ხელისუფლების მიერ უზრუნველყოფილი და გარანტირებული, რომლებიც აღნიშნულს ადასტურებს. მათ შეძლეს პარტიული ინტერესების განცალკევება სახელმწიფო ინტერესებისაგან, რაც თავისთავადი არ არის, მას ძალისხმევა სჭირდება, წარმატებული ძალისხმევა. გეზელის სარკის პრინციპიც ეს არის, სარკეა რომლის მიღმიერიდან გაკვირდებიან, მასში კი შენ საკუთარ თავს ხედავ.

ფორუმი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG