Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქცია სტუდენტებმა ზუგდიდშიც გამართეს


საქართველოს პარლამენტი სადავო კანონპროექტს მესამე მოსმენით 14 მაისს განიხილავს.
საქართველოს პარლამენტი სადავო კანონპროექტს მესამე მოსმენით 14 მაისს განიხილავს.

საქართველოს პარლამენტიდან „აგენტების კანონის” გაწვევის მოთხოვნას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილიც შეუერთდა. ახალგაზრდებმა ზუგდიდის ბულვარში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან გამართეს საპროტესტო აქცია სახელწოდებით: „არა რუსულ კანონს! კი ევროპას“. აქ მათ ფიცი დადეს, რომ “დაიცავენ საქართველოს ღირსეულ მომავალს, მის დამოუკიდებლობას და ქვეყნის ევროპულ მომავალს”.

სტუდენტები უნდობლობას უცხადებენ „აგენტების კანონს“, რადგან ის, მათი შეფასებით, ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას სურს.

“არ დავთმობთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, ევროპულ მომავალსა და კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს. საქართველო არასოდეს გახდება რუსეთი და ამის პირობას ვდებთ ჩვენ, თავისუფალ საქართველოში დაბადებული ახალგაზრდები ზუგდიდიდან, რომელიც ასე ახლოსაა აფხაზეთთან და ყველაზე კარგად ესმის, რას ნიშნავს რუსეთის კლანჭებქვეშ ცხოვრება”, - თქვეს სტუდენტებმა სიტყვით გამოსვლისას.

აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს დანარჩენ სტუდენტებს, ლექტორებს, საჯარო მოხელეებს და ყველა მოქალაქეს გაერთიანებისკენ, რათა ხელისუფლება აიძულონ, უკან გაიხმოს კანონი, რომელიც ქვეყანას ევროპულ მომავალს უკარგავს.

აქცია ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მსვლელობით გაგრძელდა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან დასრულდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG