Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი აქციის მონაწილეებს მოუწოდებს „არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს“


სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი

საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს მოუწოდებს „არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს“. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ „ვრცელდება ჩანაწერები სამართალდამცავთა მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების ფაქტებზე“.

სახალხო დამცველის განცხადებაში ცხადად არ არის აღნიშნული, ირღვევა თუ არა აქციის მონაწილეთა შეკრების უფლება:

„სამართალდამცავთა მხრიდან ნებისმიერი სახის ძალისა თუ სპეციალური საშუალების გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს, დაუშვებელია სპეციალური საშუალებების (მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის) დამიზნებით სახეში გამოყენება. ნებისმიერი სპეციალური საშუალებების გამოყენებას წინ უნდა უძღვოდეს გაფრთხილება. პროტესტის მონაწილეებს უნდა მიეცეთ გონივრული ვადა პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად“.

სახალხო დამცველის აპარატისგან ამ განცხადების გავრცელებას დროში დაემთხვა თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციის ძალის გამოყენებით დაშლა - საპოლიციო ძალები იყენებენ ცრემლმდენ აირს და წყლის ჭავლს.

„საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს უფლებამოსილების განხორციელებისას არ გასცდნენ კანონმდებლობის ფარგლებს, არ გამოიყენონ ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეებს მიმართ და არ შეუშალონ ხელი აქციის მონაწილეებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობაში“, - წერია განცხადებაში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნავს, რომ რუსთაველის გამზირზე საპოლიციო ძალები აქციის მონაწილეებს არბევენ.

„სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა უნდა უზრუნველყონ აქციის ორგანიზატორებსა ან მონაწილეებთან მოლაპარაკება ძალისმიერი ჩარევის მაქსიმალურად თავიდან აცილებისა და სიტუაციის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით“.

დღეს, 30 აპრილს საქართველოს პარლამენტში მეორე მოსმენით გაგრძელდა „აგენტების კანონის“ განხილვა, რამაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხალხმრავალი პროტესტი გამოიწვია. საქართველოს პარტნიორები აცხადებენ, რომ ეს კანონპროექტი კანონად გადაქცევის შემთხვევაში შეეწინააღმდეგება ქვეყნის ევროინტეგრაციას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG