თბილისში, პარლამენტის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმი წყლის ჭავლს იყენებს. კადრებში ჩანს, რომ დემონსტრანტები დაშლას არ აპირებენ, სავარაუდოდ, არიან დაშავებულები. სპეცრაზმმა წყლის ჭავლის მანქანებით ჩიტაძის ქუჩიდან რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა, იქ სადაც აქციის მონაწილეების ძირითადი ნაწილი იდგა.
ცოტა ხნით ადრე, პოლიციამ აქციის მონაწილეების მიმართულებით, სპეციალური საშუალება - სავარაუდოდ, გაზის კაფსულები ისროლა, მანამდე, კი წიწაკის სპრეი. შედეგად, არაერთი ადამიანია დაშავებული, მათ შორის, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და "მიიღო ძალადობრივი ხასიათი".
უწყების მტკიცებით, მიუხედავად პოლიციელების არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეები არ ემორჩილებიან სამართალდამცველთა მოთხოვნებს.
"აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან, ასევე მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა საგანს. გამომდინარე იქიდან, რომ აქცია სრულად გასცდა კანონით დადგენილი შეკრება მანიფესტაციის ფარგლებს და გახდა ძალადობრივი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრო იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკური პარტიის ლიდერებს და მონაწილეებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს. სამინისტრო შეისწავლის აქციის მსვლელობისას მომხდარ ყველა კანონსაწინააღმდეგო ფაქტს და თითოეულ ქმედებას მისცემს შესაბამის სამართლებრივ შეფასებას", - აცხადებს შსს.
ფორუმი