თბილისის მერია „არასანქცირებულს“ უწოდებს პარლამენტთან ამჟამად მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციას.
შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება საქართველოს კონსტიტუციითაა გარანტირებული და აქციის გამართვას სპეციალური ნებართვა არ სჭირდება.
პარალელურად პარლამენტის ორ გვერდითა მხარეს და თავისუფლების მოედანზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები არიან მობილიზებული.
მათ აირწინაღებიც უკეთიათ.
„შეკრება, რომლებიც ახლა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან, არის არასანქცირებული“, - აცხადებს თბილისის მერია.
„მოვუწოდებთ მათ, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და მისცენ 29 აპრილს დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზატორებს სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა
მერიის განცხადებით, 22 აპრილს თბილისის მერიას წერილით მიმართა „ქართულმა ოცნებამ“ 29 აპრილს დაგეგმილ „სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით“.
„შეკრების მასშტაბურობიდან გამომდინარე, ორგანიზატორებმა დაგეგმეს სამზადისის დაწყება სამი დღით ადრე და მოითხოვეს კანონით გათვალისწინებული სხვადასხვა ღონისძიების გატარება. არსებობს კანონის შესაბამისი გაფრთხილება, რომ 27 აპრილიდან 30 აპრილამდე, „ქართულ ოცნებას“ დაკავებული აქვს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ეწყობა მსუბუქი კონსტრუქციის სცენა, მონტაჟდება ეკრანები და სხვადასხვა აპარატურა“, - აცხადებს თბილისის მერია.
ცოტა ხნით ადრე, დემონსტრანტებმა მოარღვიეს პარლამენტთან აღმართული ჯებირები, რომლებსაც პოლიციელები იცავდნენ.
ამ დროს პოლიციამ სპეციალური საშუალება (აირი/სპრეი) გამოიყენა - შსს სპეც.საშუალების გამოყენებას ადასტურებს, თუმცა არ აზუსტებს, კონკრეტულად, რა საშუალება.
თავისუფლების მოედანზე მობილიზებულია საპოლიციო ტექნიკა (წყლის ჭავლის მანქანები).
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი.
„აქციის მონაწილეები სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს“, - აცხადებს შსს.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკური პარტიის ლიდერებს და მონაწილეებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ პროტესტის გამოხატვის კანონით დადგენილ ნორმებს“, - აცხადებენ შსს-ში.