აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა პრესკონფერენციაზე მორიგ ჯერზე გასცა პასუხი საქართველოში პირველი მოსმენით მხარდაჭერილი „აგენტებს კანონის“ შესახებ დასმულ შეკითხვას. ამჯერად, შეკითხვის ფონი იყო იყო ევროპარლამენტის მიერ 25 აპრილს მიღებული რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ევროკავშირსა და დასავლელ პარტნიორებს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გადახედვისა და ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ. რეზოლუციას არ აქვს სავალდებულოდ შესასრულებელი ხასიათი.
ვედანტ პატელს ჰკითხეს იყო თუ არა ამ საკითხზე მსჯელობა კონგრესშიც, რაზეც მან უპასუხა, რომ არ აპირებს კომენტარის გაკეთებას კონგრესში რაიმე კონსულტაციაზე, ამასთანავე გაიმეორა, რომ „კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია“ და მსგავს კანონპროეტს კრემლსა და ისეთ ქვეყნებში ხედავენ სადაც „ავიწროებენ მედიაორგანიზაციებს, ავიწროებენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. ვფიქრობთ, მსგავსი კანონმდებლობა ევროკავშირის მიზნებთან შეუსაბამოა, რაზეც საქართველოს თავად აქვს გაცხადებული, რომ დაინტერესებულია ასეთი მომავლით“, - განაცხადა ვედანტ პატელმა.
25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუციის სრულ ტექსტთან ერთად, რომელიც ამბობს, რომ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას, სანამ „აგენტების კანონი“ ძალაში იქნება, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა შემდეგი შინაარსის შესწორებებს:
- ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოსა და ევროკავშირის პარტნიორებს მოუწოდებს, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც „კიდევ ერთხელ ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქვეყნის დასავლურ კურსს რუსეთისკენ გადახრის სასარგებლოდ“ და „რომელიც საკუთარი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს“;
- ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, შეაფასოს „აგენტების კანონის“ გავლენა საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, განსაკუთრებით, ფუნდამენტური უფლებების ნაწილში, „რაც ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“.
- მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, გაიწვიოს საკონსტიტუციო ცვლილებების სახით ინიციირებული პროექტი, რომელიც „ზღუდავს ლგბტიქ უფლებებს და არის თავდასხმა არა მხოლოდ ლგბტიქ თემზე, არამედ - სიტყვის თავისუფლებასა და თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებაზე“.
- მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი „ჰუმანიტარული საფუძვლით და მისცენ საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა“.
რეზოლუციას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგი იყო - 25, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა.
ევროპარლამენტის რეზოლუცია არასავალდებულო ხასიათისაა. სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღოს, ევროკომისიამ კი უნდა გადაწყვიტოს, შეისწავლის თუ არა სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე კანონის გავლენას.
საქართველოს პარლამენტმა, მრავალრიცხოვანი საპროტესტო დემონსტრაციების მიუხედავად, 2024 წლის 17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო კანონი „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
პარლამენტის თანახმად, კანონის საბოლოო, მესამე მოსმენით, მიღების სავარაუდო თარიღია 17 მაისი.
საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. აგენტების კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის „ევროპულია“.