Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის აგენტები მთავრობაში არიან და რუსულ კანონებს აკოპირებენ - ევროპარლამენტარი გალერი


ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი
ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „აგენტების კანონის“ ხელახლა ინიციირების გამო, ხელისუფლების წარმომადგენლებს „უცხოეთის გავლენის აგენტებს“ უწოდებს და ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს.

„არსებობს ვალდებულებები, რომლებსაც [ხელისუფლების წარმომადგენლები] ხელაღებით არღვევენ“, - თქვა გალერმა 23 აპრილს სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე.

„ჩემი შთაბეჭდილებით, თუკი უცხოეთის აგენტებზე ვსაუბრობთ, ერთადერთი უცხოეთის აგენტები მმართველ პარტიაში მყოფი ის ხალხია, ვინც „აკოპირებს“ რუსულ კანონებს და ხელს უწყობს ისეთ მმართველობას, როგორიც რუსეთშია, - შესაძლოა, მისი სახელითაც კი“, - განაცხადა გერმანელმა პოლიტიკოსმა, სოციალ-დემოკრატების ჯგუფის (S&D) წევრმა.

გალერმა ახსენა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დაგეგმილი ვიზიტი უნგრეთში ულტრამემარჯვენე, „ანტიგლობალისტურ“ კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან და თქვა: „მართლა მაინტერესებს, საით მიდის ეს ქვეყანა და მმართველი პარტია“.

ევროპარლამენტარმა გალერმა ამის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირში მხარს უჭერენ ქართველი ხალხის ამბიციებს, გახდნენ ევროკავშირის წევრები, და „სრული სოლიდარობა“ გამოუცხადა დემონსტრანტებს, რომლებიც რამდენიმე დღეა, თბილისში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამოდიან.

მაიკლ გალერმა ასევე მოითხოვა ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.

დღეს, 23 აპრილს, სტრასბურგში ევროპარლამენტის წევრები განიხილავენ საქართველოში ხელახლა ინიციირებულ „აგენტების კანონს“.

ევროპარლამენტის ამავე პლენარულ სესიაზე მოითხოვეს პოლიციის მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესება.

ევროპარლამენტი განიხილავს, რა ზომები მიიღოს "აგენტების კანონის" პასუხად. მათ შორის, თუ „აგენტების კანონს“ საბოლოოდ მიიღებენ, დაუწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და კანონის მხარდამჭერ პარლამენტარებს; გადაიხედოს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, შეუწყდეს ქვეყანას ევროკავშირისგან ფინანსური დახმარება.

ევროპარლამენტი გეგმავს ხუთშაბათს, 25 აპრილს, უყაროს კენჭი რეზოლუციას.

XS
SM
MD
LG